ომბუდსმენი „კრწანისის“ ინციდენტზე: ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ვერ ვხედავთ, რომ რაიმე გამოიკვეთა
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე მომხდარის შესწავლა დაიწყო.
როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი აპირებს საქმესთან დაკავშირებით ყველა მასალა გამოითხოვოს და გაეცნოს.
„ჩვენ საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ აღნიშნული საქმის შესწავლა. ჩვენი წარმომადგენლები გუშინ იმყოფებოდნენ ადგილზე, გაესაუბრნენ სავარაუდო მოწმეებს, მათ შორის, იმ პირებს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ინციდენტში. იგულისხმება გუშაგები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ საქმის შესწავლას, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ჯერ რაიმე გამოიკვეთა, რადგანაც გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ გამოძიებას.
მე ჯერ არ მიჩნდება კითხვები, იქედან გამომდინარე, რომ შესაძლოა, მართლაც იყო გარკვეული საკითხი პრობლემური, ანუ ის ადამიანები რომ იყვნენ გადასული სამხედრო ტერიტორიაზე, ამას ადასტურებენ გუშაგები, თუმცა იყო თუ არა ყველა პროცედურა დაცული, ამას შევისწავლით. რაც შეეხება საქმეს, საქმესთან დაკავშირებით მასალები არ გაგვაჩნია. შესაბამისად, რამდენად სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება, ამაზე მოგვიანებით გვექნება რეაგირება“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, გვიან ღამით, კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზაზე გუშაგმა სამი უცნობი პირი შენიშნა. ოფიციალური ინფორმაციით, გუშაგმა მათ სიტყვიერი გაფრთხილება რამდენჯერმე მისცა და ამ მიზნითვე ჰაერშიც არაერთხელ გაისროლა, თუმცა ამის მიუხედავად, უცნობმა პირებმა ტერიტორია არ დატოვეს და გუშაგს შეურაცხყოფა მიაყენეს. სწორედ ამის შემდეგ გაისროლა მათი მისამართით გუშაგმა, რა დროსაც 23 წლის გიგა შენგელია დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელმაც გაქცევა მოახერხა.