“ზურგში აქვს ნასროლი“ – რას ამბობს კრწანისში ლიკვიდირებული შენგელიას მამა

“იარაღი ჩემს შვილს არასოდეს  ჰქონია“, – ამის შესახებ “კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის” ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის დროს ლიკვიდირებული გიგა შენგელიას მამამ, რომან შენგელიამ განაცხადა.
როგორც მოკლულის მამამ აღნიშნა, ორივე ვაჟი თბილისში ერთად იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტის დროს ისინი ერთად არ ყოფილან.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას რომან შენგელიამ განაცხადა, იგი თავდაცვის სამინისტროსგან სწორ და დროულ გამოძიებას ითხოვს.
„გამოიძიონ სწორად, როგორც არის საჭირო. იარაღი ჩემს შვილს არასოდეს  ჰქონია და ყაჩაღი არ ყოფილა. ორივე ვაჟი თბილისში იყო წასული. არც ნასამართლევი ყოფილა. მეგობრის სანახავად თუ იყო სადღაც, ეს არ ვიცი, მაგრამ გაარკვევს ალბათ გამოძიება.
სროლა თუ იყო და კაცი თუ მოკლეს, რატომ არ მოძებნეს, სამი საათი იქ რომ ეგდო და სისხლისგან რომ დაიცალა ბიჭი, მერე რომ ნახეს, მანამდე სად იყვნენ?! თუ ატყდა სროლა, განგაში ხომ უნდა ყოფილიყო?!  თუ შემოგივარდა ვინმე, ხომ უნდა მოძებნო?! ზურგში აქვს ნასროლი“, -განაცხადა რომან შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით, კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზაზე გუშაგმა სამი უცნობი პირი შენიშნა. ოფიციალური ინფორმაციით გუშაგმა მათ სიტყვიერი გაფრთხილება რამდენჯერმე მისცა და ამ მიზნითვე ჰაერშიც არაერთხელ გაისროლა, თუმცა ამის მიუხედავად, უცნობმა პირებმა ტერიტორია არ დატოვეს და გუშაგს შეურაცხყოფა მიაყენეს. სწორედ ამის შემდეგ გაისროლა მათი მისამართით გუშაგმა, რა დროსაც 23 წლის გიგა შენგელია დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები