“არ გავუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, ნუ შეშინდებით, მთელი ჩვენი უწყება, 40 000 ადამიანი თქვენ გვერდით ვართ”

მივმართავ ყველა მსხვერპლს, არ გავუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, ნუ შეშინდებით, მთელი ჩვენი უწყება, 40 000 ადამიანი თქვენ გვერდით ვართ იმისთვის, რომ დაგიცვათ, – აღნიშულის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია ”ძალა ნდობას” პრეზენტაციისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შსს-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ამ ძალზე მგრძნობიარე პრობლემის დასაძლევად, იმისთვის რომ პოლიციელმა შეძლოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის შესრულება, აუცილებელია თავად ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეების თანადგომა, მხარდაჭერა და თანამშრომლობა. მივმართავთ ყველა მსხვერპლს, არ გავუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, ნუ შეშინდებით მთელი ჩვენი უწყება, 40 000 ადამიანი თქვენ გვერდით ვართ იმისთვის, რომ დაგიცვათ”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
კამპანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ”საქართველოს შს სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების სახელმწიფო თუ სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. კამპანიის პრეზენტაციაზე შს სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ერთი მხრივ, ცნობიერების ამაღლებამ და მეორე მხრივ, შსს-ს თანამშრომელთა სათანადო მომზადებამ განაპირობა ის შედეგი, რომ გამოცემული შემაკავებელი ორდერების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებლები უპრეცედენტოდ გაზრდილია.

ღონისძიებას შსს-ს სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელები, სამთავრობო უწყებების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ოჯახში ძალადობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და თავად ძალადობის მსხვერპლნი ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შეტანილი წვლილისთვის სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხუთი თანამშრომელი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. სპეციალური ჟიურის მიერ ასევე გამოვლინდა კონკურსის ”საგაზეთო სტატია ოჯახში ძალადობის შესახებ” სამი გამარჯვებული, რომლებსაც სხვადასხვა პრიზი გადაეცათ. პრეზენტაციის დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა და დამსწრე სტუმრებმა სპეციალურ სტენდზე გამოსახულ ლოგოზე საკუთარი ხელმოწერები დატოვეს და ამით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შსს-ს სოციალურ კამპანიას შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები