ამირან სალუქვაძე: კანონის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახური გაუქმებული არ არის

საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, რომ თითქოს გაუქმდა სავალდებულო გაწვევა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში სამხედრო ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა.
ის საზოგადოებას ქვეყნის წინაშე არსებულ ვალდებულებებს ახსენებს და თვლის, რომ მსგავსი საკითხები მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი არ არის. „არსებობს სახელმწიფო და სახელმწიფოს ვალდებულება მოქალაქის მიმართ, მაგრამ ასევე არსებობს მოქალაქის ვალდებულება სახელმწიფოს მიმართ. მოდი, ასეთი კითხვა დავსვათ: დავუშვათ, დაიწყო ომი, არ გვაქვს სამშობლოს მიმართ ვალდებულება, დავტოვოთ ეს ტერიტორია და წავიდეთ? ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის უწყების გადასაწყვეტი.
გენერალური შტაბი უფროსი უნდა გამოდიოდეს ყოველთვის დამოუკიდებელი პოზიციით, ამიტომ, მანამ ვიდრე ჩვენთან დაილაპარაკებს თავდაცვის სამინისტრო, ექსპერტებთან, უმჯობესია გენშტაბის უფროსმა განაახლოს თავის განცხადება, რადგან ძალიან ცუდად მომხვდა ყურში, როცა გაჟღერდა, რომ თითქოს არ გვესაჭიროება სავალდებულო გაწვევა. ეს ახალგაზრდებში იწვევს ძალიან ცუდ ემოციებს”, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
სალუქვაძე აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული ხელშეკრულებით აყვანილი კადრები, სამხედრო ბაზებს, სადაც ხელშეუხებელი მარაგებია განთავსებული, ვერ დაიცავენ. მისივე ვარაუდით, როცა არ იქნება ვადიანი სამხედრო მოსამსახურე, გაცილებით მაღალი ჩინის მქონე და გამოცდილ სამხედრო პირებს მოუწევთ სამხედრო ტერიტორიების დაცვა. სალუქვაძე იზორიას მადლობას უცხადებს იმის გამო, რომ საკითხს კვლავ მიუბრუნდა.
“მე მადლობა მინდა გადავუხადო თავდაცვის მინისტრს, რომ დაუბრუნდა მსგავს საკითხს, მე უამრავმა ახალგაზრდამ მომწერა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმება არ შეიძლება, რაც ჩემთვის ნამდვილად საამაყოა”, – განაცხადა “კვირას“ პრესკლუბში სამხედრო ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები