ლევან იზორია: თითოეული უწყების ეფექტიანმა მოქმედებამ უზრუნველყო ის, რომ გვაქვს ნაკლები დანაკარგი

თითოეული უწყების ეფექტიანმა მოქმედებამ უზრუნველყო ის, რომ გვაქვს ნაკლები დანაკარგი – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დედოფლისწყაროში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო მზად არის, დაშავებულების ოჯახს გვერდში დაუდგეს.
„პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს, ჩვენ ამ მძიმე წუთებში ვიდგებით ოჯახის გვერდით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მძიმე დანაკარგი და ტკივილი შევუმსუბუქოთ. ბუნებრივია, სამინისტრო მზად არის, ფინანსურად და ყველა სხვა საშუალებებით გვერდში დაუდგეს დაშავებულების ოჯახს. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ადგილზე გავცნობოდით მდგომარეობას. სამწუხარო ფაქტი მოხდა, იყო შემთხვევები, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული საფრთხის ქვეშ იდგა, მაგრამ თითოეული უწყების ძალიან ეფექტიანმა მოქმედებამ, განსაკუთრებით სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციის და დედოფლისწყაროში სამედიცინო პერსონალის ეფექტურმა მუშაობამ უზრუნველყო ის, რომ ჩვენ გვაქვს ნაკლები დანაკარგი და თავიდან ავიცილეთ სხვა მძიმე შედეგებიც.
მათმა ოპერატიულმა მოქმედებამ მოგვცა იმის თქმის შესაძლებლობა, რომ მდგომარეობა არის სტაბილური და სამედიცინო პერსონალი ყველაფერს გააკეთებს. ჯანდაცვის მინისტრიც ადგილზეა, რათა თითოეული მათგანის სიცოცხლე შევინარჩუნოთ. ბატონი პრემიერი იყო მუდმივ კონტაქტზე და აკონტროლებდა სიტუაციას. ასევე მინდა, საპატრიარქოს მადლობა გამოვუცხადო თანადგომისთვის, ჩვენ ვგრძნობდით ძალიან დიდ მხარდაჭერას ჟურნალისტების და საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ინგოროყვას კლინიკაში დედოფლისწყაროში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული ჯარისკაცების მოსანახულებლად მივიდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა, რომლის შედეგად 37 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები