“ყოფილ ხელისუფლებას არ აინტერესებდა ეს საკითხი” – ბაადურ წულაძე ფირსაცავის აშენების აუცილებლობაზე საუბრობს

მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე მოსკოვიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროექტს უმნიშვნელოვანესს უწოდებს და ფირსაცავის აშენების აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც წულაძემ “კვირას“ განუცხადა, საჭიროა აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები, რათა ყველაფერი პროფესიონალურ დონეზე გაკეთდეს.
„თვითონ პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური, აუცილებელია, რომ გაკეთდეს სპეციალური საცავი არა ერთი, არამედ ორი. ამ ფირებს მოვლა-პატრონობა სჭირდება, ამის გარეშე იგივეა, რომ ჩამოიტანო ბრილიანტები და სადღაც მიყარო. ყოფილ ხელისუფლებას საერთოდ არ არ აინტერესებდა ეს საკითხი აინტერესებდა სამწუხაროდ“, – განუცხადა “კვირას“ ბაადურ წულაძემ.
ფირსაცავის აშენების აუცილებლობაზე საუბრობს კინოსტუდია “ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ლითანიშვილიც.
“ამ ფილმების ნეგატივები ინახებოდა მოსკოვში სპეციალურ საცავში და ინახება დღესაც, ახლა კეთდება ნეგატივების ასლები და ისინი ჩამოვა ჩვენთან და გაკეთდება ციფრული ვერსიები. რაც შეეხება პროექტს, პროექტი არის უმნიშვნელოვანესი, აუცილებელია შესაბამისი სტანდარტების, გამართული ფირსაცავის აშენება“, – განუცხადა “კვირას“ ოთარ ლითანიშვილმა.
რუსეთთან საქართველოსთვის ქართული ფილმების ორიგინალი ვერსიების დაბრუნების თაობაზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად, უკვე გადაწყდა, რომ საქართველოს კინოფონდს 700-ზე მეტი ფილმი-ორიგინალი დაუბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები