ირაკლი აბუსერიძე ამომრჩეველს მიმართავს – „გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დარჩა“

“ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე ისნის რაიონის მოსახლეობას ნდობისთვის მადლობას უხდის. დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველს თხოვნით მიმართავს, რომ 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, მოქალაქეობრივი ვალი კიდევ ერთხელ დააფიქსირონ.
„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ის ნდობა, რომელიც ამომრჩევლებმა გამომიცხადეს. მოგიწოდებთ ჩემს ვაზისუბნელებს, მერვე ლეგიონის, ვარკეთილის მოსახლეობას, რომელთა ნაწილი ოლქების ახლებური გადანაწილების შედეგად შემოგვიერთდა, ნუ დაიზარებთ, საბოლოო გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დარჩა. კიდევ ერთხელ დამიჭირეთ მხარი და თქვენი ჩართულობით, ერთად დავიწყოთ იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რაც დაგეგმილი გვაქვს ისნის რაიონისთვის. მე იმ გუნდის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, დააფასა ადამიანის ღირსება და თავისუფლება. „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად იქცა. ამ პოლიტიკურმა ძალამ საქმით დაამტკიცა, რომ პოლიტიკური ძალაუფლება გამოიყენეს ქვეყნის განვითარებისთვის და არა ძალადობისთვის. მერწმუნეთ, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია ხელისუფლების კონტროლის საშუალებას მოგცემთ. მოხარული და ამაყი ვიქნები თუ ნდობას კვლავ გამომიცხადებს ჩემი ამომრჩეველი და შევინარჩუნებთ იმ ღია ურთიერთობას, რაც აქამდე გვქონდა. მე მჯერა მოსახლეობა მხარს კვლავ დაუჭერს თავისუფლებას, ღირსებას და კეთილდღეობას. მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომით მივაღწევთ წარმატებას, ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა. ყველას გელოდებით არჩევნებზე,“ – აცხადებს ირაკლი აბუსერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები