გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი, „ხალხის ძალის“ წერილები, განცხადებები და აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის განცხადებები, ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს
„ჯერ კიდევ 2022 წლიდან, როდესაც კულისებიდან გამოვიტანეთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის იდეის შესახებ ინფორმაცია (რაც დადასტურდა კიდეც) ვამბობდით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი იყო ამ პოლიტიკური გადათამაშებების დროს საქართველო ყოფილიყო მშვიდობიანი და ჯანმრთელი. 2-3 დღის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაცია შეუდგება საქმიანობას, აუცილებლად მოხდება გადათამაშება“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიის მხრიდან გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავდა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და თავიდან აცილებას იმ გამოუსწორებელი შედეგების, რაც ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
„თავად მომავალი სახელმწიფო მდივანი, რომელიც ამ პერიოდში შეუდგება საქმიანობას, უკვე საუბრობს იმაზე, რაზეც ჩვენ, „ხალხის ძალა“ 2022 წლიდან ვსაუბრობდით – სანქციები რუსეთთან მიმართებით უნდა გაუქმდესო (აღარაფერს ვამბობ იმაზე, როცა ჩვენგან რუსეთთან ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, რაც დამღუპველი იქნებოდა ქვეყნისათვის). რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ჩვენ თუ გავაუქმეთო, მაშინ გვექნება შესაძლებლობა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმებას მივაღწიოთო – ამას ამბობს აშშ-ის მომავალი სახელმწიფო მდივანი. ის ასევე საუბრობს იმაზე, რომ უკრაინას მოუწევს პირდაპირი გაგებით უარის თქმა იმ ტერიტორიებზე, რომელზეც ახლა რუსეთის ფედერაციის გავლენა ვრცელდება, იმიტომ, რომ მას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები მიიყვანოს რუსეთის საზღვრებთან.
ვიცით ტრამპის დამოკიდებულებაც, რომ არ იყო სწორი უკრაინის წახალისება ამ ომში და ისიც, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, იმიტომ, რომ მას ცუდის მეტი არაფერი არ მოაქვს.
რეალურად რომ ავიღოთ, ჩვენი, „ხალხის ძალის“ წერილები და განცხადებები და ამ შემთხვევაში აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის განცხადებები, ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს. ღმერთმა არ ქნას და ჩვენც იმ დღეში ვყოფილიყავით, რა დღეშიც ახლა უკრაინაა, ვინმე შეგვეკითხებოდა საერთოდ რამეს? არავინ,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.