საქართველოს ეროვნული არქივის ფონდები 2024 წელს ახალი მასალით გამდიდრდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 2024 წლის განმავლობაში დაცულია 57 079 საქმეში გაერთიანებული წერილობითი მასალა, 161 კინოდოკუმენტი, 2 080 ფოტოსურათი, 573 აუდიოჩანაწერი, 113 წიგნი, პერიოდული გამოცემების 377 ნომერი.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, დოკუმენტებს შორისაა როგორც სახელმწიფო დაწესებულებების მასალა, ისე კერძო არქივებში დაცული დოკუმენტები.

ეროვნულმა არქივმა დოდო აბაშიძის ოჯახისგან მიიღო მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი საოჯახო ფოტოები, ხელნაწერები და გამოცემები.

ამასთან, რეზო ესაძის ოჯახმა არქივს გადასცა კინორეჟისორის ფილმების – „ნეილონის ნაძვის ხე”, „ერთი ნახვით შეყვარება” და „ჭერი” – კინოფირები, ასევე, ამ ფილმების გადასაღები მოედნის ფოტოები და ექსპერიმენტული სტუდია „დებიუტის” საარქივო მასალა.

აუდიოკოლექციას მომღერალ ნანი ბრეგვაძის პირად არქივში დაცული ჩანაწერები შეემატა. დოკუმენტებს შორის არის მაგნიტურ ფირებზე, გრამფირფიტებსა და აუდიოკასეტებზე ჩაწერილი რომანსები და საესტრადო სიმღერები ნანი ბრეგვაძის, ვახტანგ კიკაბიძის, გოგი დოლიძის, ეკა მამალაძის, ასევე ანსამბლების – „ორერასა” და „მელოდიას” – შესრულებით. აქვეა ნანი ბრეგვაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი 400-მდე ფოტო, საკონცერტო აფიშები და პროგრამები, წერილები და სხვა დოკუმენტები.

1937 წლის რეპრესიებს შეწირული შალვა კიღურაძის ოჯახის გადაწყვეტილებით ამიერიდან ეროვნულ არქივში იქნება დაცული ცნობილი ინჟინრის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი საარქივო დოკუმენტები. შალვა კიღურაძის სახელს უკავშირდება თბილისში ბალნეოლოგიური კურორტისა და ნატახტრის წყალსაცავის აშენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები