“ქვეყანა დაისვენებს „ნაცმოძრაობის“, როგორც პოლიტიკური რეჟიმის გაუქმებით” – მაჭარაშვილი

“ქვეყანა დაისვენებს „ნაცმოძრაობის“, როგორც პოლიტიკური რეჟიმის გაუქმებით,“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არავის არ ექნება იმის რესურსი, რომ შექმნას „ნაცმოძრაობა 2“, „ნაცმოძრაობა 3“ და ა.შ.

„როდესაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ შეფასდება, როგორც დამნაშავე რეჟიმი და ის გაუქმდება, როგორც ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, ბუნებრივია, რომ შესაბამისი ზიანი მიადგება იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პოლიტიკური ორგანიზაციის იდეური სულისჩამდგმელები არიან. ბევრ მათგანს მოუწევს პასუხისგება. სისტემური დანაშაულების გამოვლენის შემდეგ ბუნებრივად მოხდება ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხზე გადასვლა. „ნაცმოძრაობას“ უამრავი წევრი ჰყავს და რასაკვირველია ყველა მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა, შექმნას პოლიტიკური პარტიაც, მაგრამ ეს პარტია აღარ იქნება იმ რესურსის მქონე, რომელიც შეძლებს სერიოზულად აჯანჯღაროს სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები.

„კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ თუ ჯერ კიდევ შეუძლია არსებობა, ეს მხოლოდ მათი პატრონების მეშვეობით ხდება, რადგან ისინი კვებავენ უცხოეთიდან. მსოფლიოში იცვლება პოლიტიკური ვითარება და ძალიან მალე მათი ეს საკვები აღარ იარსებებს. არავის არ ექნება იმის რესურსი, რომ აქ შექმნან „ნაცმოძრაობა 2“, „ნაცმოძრაობა 3“ და ა.შ. კვებონ ისინი და აჯანჯღარონ ქვეყანა.

ქვეყანა დაისვენებს „ნაცმოძრაობის“, როგორც პოლიტიკური რეჟიმის გაუქმებით,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები