„საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხზე აჟიოტაჟი ”ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხელოვნურად არის შექმნილი“

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხზე აჟიოტაჟი, ვნებათაღელვა ხელოვნურად არის შექმნილი ”ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რაც არჩევნების მეორე ტურის მიზნებს ემსახურება.
კობახიძე ეჭვობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადება ”ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დაიწერა.
„თემა იმის შესახებ, რომ პარლამენტში ”ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა საფრთხეს წარმოადგენს, ხელოვნურად არის აგორებული, რათა ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ და რაღაც შიშების შექმნით დააბნიონ. სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დღეს რაღაც მოწოდებებით გამოდის, არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია, როცა ”ნაციონალური მოძრაობა“ იყო საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში, ასეთი შემადგენლობით მართავდა ქვეყანას და არაერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა. მათ კონსტიტუცია პირდაპირ მოირგეს საკუთარ თავზე, მაგრამ ასეთი მოწოდებები არ გვახსოვს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ისეთი პოლიტიკური ძალის ხელშია, რომლის გაცხადებული კურსია ნულოვანი ტოლერანტობა, ”მეტი დაკავებული – მეტი პრემია”, ”ხელი არ აგიკანკალდეთ, ისე ესროლეთ”, გვამების პირდაპირი შეკვეთა და სპეცოპერაციების დროს ადამიანების სოცოცხლის ხელყოფა, ასეთი პოლიტიკური ძალის ხელში ხელისუფლების თავმოყრა არის საფრთხე, მით უფრო ისეთი უმრავლესობით, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმ პოლიტიკური ძალის ხელში, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საკუთარ პრიორიტეტად ადამიანის უფლებების დაცვას, სიცოცხლის უფლებას აცხადებს და ყველაფერს აკეთებს ამ უფლებების რეალიზებისათვის, მისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა არის რეფორმების გატარებისა და კონსტიტუციაში ხარვეზიანი ნორმების შეცვლის შესაძლებლობა”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მიმართვას ავრცელებს, რომლითაც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები