ამერიკელი კონგრესმენები ქართველ ხალხს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავენ

ამერიკელი კონგრესმენები ერიკ პოლსენი და ბილ კიტინგი საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანებიან და ქართველ ხალხს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავენ.
”ვულოცავ ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და დემოკრატიის მიმართ მტკიცე ერთგულების დემონსტრირებას“, – ნათქვამია ერიკ პოლსენის განცხადებაში.
კონგრესმენი ბილ კიტინგი მაღალ შეფასებას აძლევს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების კუთხით გაწეულ სამუშაოს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მთავრობა ქართველი ხალხის ნებას გამოხატავდეს.
”თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებულმა არჩევნებმა საქართველო, დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობის თვალსაზრისით, მთელს რეგიონსა და მსოფლიოში მნიშვნელოვან ლიდერად აქცია“, – წერს ბილ კიტინგი.
ბილ კიტინგი იმედოვნებს, რომ საქართველოში არჩევნების მეორე ტურიც მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით ლიდერის პოზიციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები