ნუკრი ქანთარია: გივი თარგამაძეს არ აწყობს, რომ მისმა თანაგუნდელმა შეიძლება გაწირა

“გივი თარგამაძეს, ბუნებრივია, არ აწყობს და არ უნდა რომ დაიჯეროს, ერთი წამითაც დაუშვას ის, რომ მისმა თანაგუნდელმა შეიძლება გაწირა”, – ამის შესახებ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა.
დეპუტატი ვარაუდობს, რომ მანქანის აფეთქების კვალი ოდესამდე მიდის.
”გამოძიება ამასთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მუშაობს, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ შესაშური წარმატებით ჩაატარეს მათ პირველი ეტაპი. დანარჩენი რასაკვირველია, განვითარების საქმეა. ჩემი ვარაუდით, ყველა კვალი მაინც ოდესამდე მიდის, მაგრამ, ბუნებრივია, გამოძიების საბოლოო ვერდიქტს უნდა დაველოდოთ და შემდეგ რასაკვირველია, სასამართლოს. მე მაქვს ჩემი არგუმენტები, ამის შესახებ. ხშირად მითქვამს, არ შემცვლია ეს აზრი, თუმცა ისევ მინდა ვთქვა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ვარაუდი, რომელიც გარკვეულ ლოგიკას ეყრდნობა. გივი თარგამაძეს, ბუნებრივია, არ აწყობს და არ უნდა რომ დაიჯეროს, ერთი წამითაც დაუშვას ის, რომ მისმა თანაგუნდელმა შეიძლება გაწირა”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მისივე თქმით, არ იყო განზრახული გივი თარგამაძის დაღუპვა.
”ეს არ ნიშნავს, რომ ამის შესახებ იმ ხალხმა, ვინც სიაშია და პოლიტსაბჭომ იცოდნენ, ასეთი რაღაცეები იცის ხოლმე ორმა, სამმა კაცმა. ერთ-ერთი მათგანი, ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილია, რომელიც არის ამის მოთავე. აქ მგონი არ იყო იმის განზრახვა, რომ გივი თარგამაძე უნდა დაღუპულიყო აუცილებლად. აქ იყო სამიზნე ჩვეულებრივი მოქალაქეები და სწორედ ამას უნდა გამოეწვია ძალიან დიდი ემოცია და ასეც მოხდა. ღმერთმა გადაარჩინა ეს ხალხი, ერთ-ერთი მათგანი, რამდენადაც ვიცი, ისევ მძიმედ არის , მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა. ისინი, დიდი ალბათობით, ფიქრობდნენ, რომ გივი, რა თქმა უნდა, გადარჩებოდა, მაგრამ გარკვეული ტრავმები თუ ექნებოდა, ესეც ცუდი არ იყო”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები