ირაკლი კობახიძე: არავითარი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს

არავითარი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს“, – ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა და საკონსტიტუციო უმრავლესობის ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით არსებულ ვნებათაღელვას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი იაფფასიანი კამპანია უწოდა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლების მიზანი კონსტიტუციის დახვეწა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესის უზრუნველყოფაა.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი იაფფასიანი კამპანია, რომელიც არსებითად „რუსთავი 2“-ის მეშვეობით ხორციელდება, ამაში ჩართეს “ნაც.მოძრაობასთან” პირდაპირ ასოცირებული ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის სახელით გამოდიან. რეალურად, ამ კამპანიას არ აქვს საფუძველი. არავითარი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს.

პირიქით, ჩვენ დავამტკიცეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში, რომ მხოლოდ წინ წაყვანა გვსურს და წინ წაყვანა შეგვიძლია ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.

ეს დაამტკიცა ჩვენმა პირველმა პრემიერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც სწორედ მისი ინიციატივით შეიზღუდა პრემიერ-მინისტრის კომპეტენციები 2013 წელს, გახსოვთ თქვენ, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა მიხეილ სააკაშვილმა, მასზე იყო მორგებული მთლიანად კონსტიტუცია და ასეთ პირობებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიკვეცა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის დახვეწა არის ჩვენი ამოცანა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესის უზრუნველყოფა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები