ენოტი, რომელსაც მომვლელის კისერზე უყვარს ჯდომა
თბილისის ზოოპარკში მისულები, მხრებზე ენოტშემოსმულ კაცს თუ დაინახავთ, არ გაგიკვირდეთ. ტყეში ნაპოვნი დაობლებული ენოტი, დაახლოებით ერთი თვის იყო, როცა თბილისის ზოოპარკს მიუყვანეს და მას შემდეგ იქ იზრდება. სახელად მიკო დაარქვეს.
როგორც “სითი კვირას” თბილისის ზოოპარკში განუცხადეს, მიკო თავის მომვლელს მეტად გათამამებული ჰყავს, იმდენად, რომ ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარული ენოტი კისერზეშემოასკუპდება ხოლმე.
“მიკო კოტემ იშვილა. აჭმევდა, ასმევდა, ათამაშებდა, ართობდა და საბოლოოდ, ეს პატარა, მოუსვენარი არსება ხელზე მიჩვეული ადამიანების მოყვარული ენოტი დადგა. მივა კოტე, შევა ვოლიერში და ზურგს რომ მიუშვერს, გადმოხტება მიკო, დაასკუპდება მხარზე და მერე დადის, დადის, დადის. ავა თავზე, ჩამოვა კისერზე, მერე ისევ ზემოთ აინაცვლებს, უტყაპუნებს თავზე თათებს, მერე ჩამოფოფხდება, დაუღეჭავს ყურებს, ცხვირში კუდს გამოუსვამს, და მერე ისევ დადის და დაფათურობს გაუთავებლად. წამით არ ჩერდება. ფოტოს გადასაღებადაც კი ვერ მოიხელთებ, ისეთი ხვანცალაა“, – აცხადებენ ზოოპარკში.
მათივე ინფორმაციით, ვოლიერი, რომელშიც მიკო ცხოვრობს, ერთი შეხედვით, პატარაა, თუმცა, რამდენიმე თვის ენოტისთვის ამ ეტაპზე სრულებით საკმარისია. თუმცა, საშუალებისა და საჭიროების შემთხვევაში, მის უფრო დიდ ვოლიერში გადაყვანას აპირებენ.