ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, რესპუბლიკური პარტიის ოფისი გადაწვეს – რას აცხადებს ტრამპი
ბოროტმოქმედებმა, რესპუბლიკური პარტიის გადამწვარი ოფისის კედელზე საღებავით მუქარის შემცველი წარწერა დატოვეს: „რესპუბლიკელებო, სჯობს თქვენივე კეთილი ნებით გაეთრიოთ ჩვენი ქალაქიდან“, – ასეთი იყო მუქარის ტექსტი. ცნობილია, რომ დაუდგენელმა პირებმა პარტიის ოფისის ფანჯრებში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს.
მომხდარს დონალდ ტრამპი უკვე გამოეხმაურა და ბოროტმოქმედებს ვანდალები, ჰილარი კლინტონისა და დემოკრატების წარმომადგენელი პირუტყვები უწოდა.
მომხდარი დაგმო პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმაც. დღესვე, ცნობილი ხდება პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგებიც.
ტელეკომპანია „ენ-ბი-სი-სა” და „ვოლ სტრიტ ჯორნალის” მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ჰილარი კლინტონი 11 პროცენტით უსწრებს დონალდ ტრამპს.
გამოკითხვის შედეგებით, ამომრჩეველთა 48 პროცენტი ხმას ჰილარი კლინტონს მისცემდა, 37 კი დონალდ ტრამპს.
ამავე გამოკითხვით, ლიბერტარიანელ კანდიდატ გარი ჯონსონს მხარს 7%, ხოლო მწვანეთა პარტიის ჯილ სთაინს 2 % უჭერს მხარს.
გამოკითხვა მეორე ტელედებატების შემდეგ, 10-13 ოქტომბერს ჩატარდა. მასში 1000 დარეგისტრირებული ამომრჩეველი მონაწილეობდა.