ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” საველე მეთაური, არსენ პავლოვი, მეტსახელად “მოტოროლა” მოკლეს

დონეცკში ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” საველე მეთაური, არსენ პავლოვი, მეტსახელად “მოტოროლა” მოკლეს. – ამის შესახებ ინფორმაციას BBC აქვეყნებს.
BBC -ს ინფორმაციით, პავლოვი საკუთარ სახლში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში პავლოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს.
თვითგამოცხადებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ პავლოვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა.
“არსენი დაიღუპა, როდესაც ოჯახთან მიდიოდა, საკუთარი სახლის ლიფტში დაიღუპა აფეთქების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, რაც მოგვცემს საშუალებას დავადგინოთ, ვინ დაუკვეთა ეს და ვინ შეასრულა. როგორც მესმის, პოროშენკომ ზავი დაარღვია. კმარა, ზედმეტი ვითმინეთ. დღეს დაიღუპა ჩემი ახლო მეგობარი. მისი სიკვდილი უბრალო გამოწვევა არ არის, ეს არის მთელი რესპუბლიკის გამოწვევა”, – აცხადებს ზახარჩენკო.
ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” წარმომადგენელის დენის პუშილინის განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სახლის ლიფტთან ამოქმედდა, რის შედეგადაც სხვებიც დაშავდნენ – ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პავლოვზე თავდასხმის მცდელობა მიმდინარე წლის ივნისშიც განხორციელდა. მაშინ აფეთქება დონეცკის ტრავმატოლოგიურ ცენტრთან მოხდა. არსენ პავლოვი, მეტსახელად ”მოტოროლა”, 1983 წელს კომის რესპუბლიკაში დაიბადა. როგორც თავად ამბობდა, რუსეთიდან უკრაინაში 2014 წლის თებერვალში ჩავიდა. საკუთარ თავს მოხალისეს უწოდებდა და მონაწილეობდა რუსეთის მხარდამჭერ აქციებში ხარკოვსა და დონეცკში. დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს ის ბატალიონ “სპარტას” ხელმძღვანელობდა.
უკრაინის ხელისუფლება პავლოვს სამხედრო დანაშაულებში სდებდა ბრალს. თავად „მოტოროლამ“ გამოცემა Kyiv Post-თან ინტერვიუში აღიარა, რომ 15 უკრაინელი სამხედრო დახვრიტა. 2015 წლის იანვარში ევროკავშირმა “მოტოროლა” “შავ სიაში” შეიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები