ქეთევან ციხელაშვილი: ექვსი ქვეყნიდან ხუთში გადაუჭრელი კონფლიქტია, სადაც რუსეთი სხვადასხვა კონფიგურაციით ფიგურირებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან კარგად იცის თუ რა ხდება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. მისი თქმით, ექვსი ქვეყნიდან ხუთში გადაუჭრელი კონფლიქტია, სადაც რუსეთი სხვადასხვა კონფიგურაციით ფიგურირებს.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ხდება სამეზობლოში, რა ხდებოდა ამ წლების განმავლობაში და ვინ უწყობს ხელს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იყოს ძალიან ბევრი გადაუჭრელი კონფლიქტი. საქართველო გამონაკლისი არ გახლავთ, რადგან ფაქტობრივად, ექვსი ქვეყნიდან ხუთში – უკრაინაში, მოლდავეთში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არის გადაუჭრელი კონფლიქტები და აქ ერთი მთავარი აქტორი – რუსეთი ფიგურირებს სხვადასხვა კონფიგურაციით. არასწორია იმაზე დავა, თუ ვის ინტერესშია ეს კონფლიქტი, ან ვის ინტერესში შეიძლებოდა ყოფილიყო. შეგვიძლია ვიმსჯელოთ, შეგვეძლო თუ არა მისი თავიდან აცილება, ასეთი ღია პროვოკაციისა. ჩვენი ხელისუფლება ამ 4 წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებს, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის პროვოკაცია. შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რადგან ეს აუცილებელი წინაპირობაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ოკუპაციის შესახებ დასმულ კითხვას ასეთი ინტერპრეტაციით უპასუხა:
„მე შემიძლია რუსულად გიპასუხოთ, თარჯიმნის გარეშე,ვფიქრობ, რომ ჯერ ქართველებს არ დავიწყებიათ რუსული ენა, იმედი მაქვს, რომ ქართველებს რუსული ენა არ დაავიწყდებათ… ქართველი ხალხის, საქართველოს წვლილი არ არის მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში უმაღლესი მთავარსარდალი. ჩვენ გავიზარდეთ ქართულ სიმღერებზე და წიგნებზე. მე ბავშვობიდან ვკითხულობდი გიორგი სააკაძის შესახებ და სხვა მშვენიერ წიგნებს. ყველა ყირგიზმა იცის შოთა რუსთაველის პოემის ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ და ბევრი ყირგიზი არქმევს თავის შვილს ამირანს, ავთანდილს, ნესტანს. ბევრი ასევე ფიქრობს, რომ ეს ჩვენი პოემაა. ყველა პრობლემა მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას. საომარ გზას მხოლოდ ჩიხში შევყავართ. უკრაინამ ერთი რევოლუციაც ვერ გადაიტანა. ყირგიზეთმა კი ორი რევოლუცია გამოიარა 2005 და 2010 წლებში. ჩვენც გვქონდა პრობლემები, მაგრამ არ ვრეკავდით მოსკოვსა და ვაშინგტონში! თავად ვჭრიდით ყველა პრობლემას… ერთი მხარე არასდროს არის დამნაშავე. ალბათ ყველა საჭირო ნაბიჯი არ იყო გადადგმული ორივე მხრიდან… ზოგჯერ სიამაყეზე უარი უნდა ვთქვათ, ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავვარდეთ და საქმე ასეთ სიტუაციამდე არ უნდა მივიყვანოთ! ვფიქრობ, ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა“,- განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები