„ის, რომ ვერ მოვახერხეთ კენჭისყრაში მონაწილეობა, არ ნიშნავს უკრაინის საწინააღმდეგოდ რაიმე ნაბიჯის გადადგმას“

პარლამენტის ვიცე – სპიკერი მანანა კობახიძე იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის კენჭისყრას არ დაესწრო.
კობახიძის განცხადებით, უკრაინის საკითხის განხილვის დროს დელეგაციას მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა შვეიცარიელ კოლეგებთან, რაც არანაირად არ უნდა იყოს გაგებული უკრაინის საწინააღმდეგო ნაბიჯად.
„იურიდიულ კომიტეტზე ჩვენმა დელეგაციამ თავიდან ბოლომდე დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას, ისევე, როგორც უკრაინის მხრიდან მოთხოვნილ გარკვეულ ცვლილებებს. რაც შეეხება პლენარულ სხდომას, ზუსტად იმ დროს, როცა კენჭისყრა ტარდებოდა, ჩვენ ვიმყოფებოდით ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად. შესაბამისად, ვერ მოვახერხეთ კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც არამც და არამც არ ნიშნავს უკრაინის საწინააღმდეგოდ რაიმე ნაბიჯის გადადგმას, პირიქით, დღეს ჩვენ შევუერთდით იმ განცხადებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ყირიმში ჩატარებული არჩევნების უკანონობას, ასევე რუსეთის დელეგაციისთვის მომავალში აკრედიტაციის არმინიჭების საკითხს და მთელ რიგ თემებს, რომელიც უკრაინას და ასევე საქართველოს პრობლემას უკავშირდება ჩვენ ვართ ერთნი და ამ პოზიციას ყველგან ვაფიქსირებთ. ასე რომ, რაიმე პრეტენზიაც კი არ გამოუთქვამთ ჩვენ კოლეგებს ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მანანა კობახიძემ “მოამბესთან“ ინტერვიუში.
საქართველოს დელეგაციის წევრებს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს დელეგაციის არც ერთ წევრს არც ერთი რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში მანანა კობახიძის, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძისა და გუგული მაღრაძის შემადგენლობით იმყოფება. გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით ორი რეზოლუცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები