რატომ არ დაესწრო საქართველოს დელეგაცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის კენჭისყრას – ზვიად კვაჭანტირაძე განმარტებას აკეთებს

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე განმარტავს, თუ რატომ არ დაესწრო საქართველოს დელეგაცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის კენჭისყრას.
როგორც კვაჭანტირაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, კენჭისყრის დროს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები შვეიცარიის დელეგაციის წევრებს ხვდებოდნენ და შესაბამისად, დარბაზში არ იმყოფებოდნენ.
კვაჭანტირაძე განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტზე ქართულმა დელეგაციამ უკრაინელების ყველა შესწორებას დაუჭირა მხარი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ თემაზე სპეკულაციები ემსახურება იმას, რომ მოხდეს გადაფარვა ევროკავშირის მიერ 8 ოქტომბრის არჩევნების თაობაზე გაკეთებული დადებითი შეფასებებისა.
„ეს გახლავთ უკრაინელი გმირი ქალი, ყველასათვის კარგად ცნობილი ნადია სავჩენკო. იგი პირად საუბრებშიც ძალიან, ძალიან პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამბობს, თუ პუტინი ისევ ომს დაიწყებს, აუცილებლად შტურვალს დავუბრუნდებიო. ძალიან თბილი თანამოსაუბრეა. ვთანხმდებით, რომ წარსულის მახინჯ პრაქტიკაზე უარი უნდა ვთქვათ და ასამბლეაში ერთმანეთს არა პარტიული, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიურად უნდა დავუჭიროთ მხარი.
დღეს უკრაინის დელეგაციის მიერ შემოთავაზებულ წერილობით რეზოლუციებს შევუერთდით. სწორედ ნადია სავჩენკომ მოგვმართა თხოვნით და ჩვენც, რა თქმა უნდა, შევუერთდით.
რაც შეეხება გუშინდელ რეზოლუციას, უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, რაზეც ჭორიკნებმა ერთი ამბავი ატეხეს, კენჭისყრის დროს ჩვენი დელეგაცია შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდა და შესაბამისად, დარბაზში არ ვიმყოფებოდით, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტზე კი უკრაინელების ყველა შესწორებას დავუჭირეთ მხარი და გუშინ რეზოლუცია სწორედ ისეთი სახით გავიდა, რასაც მხარი დავუჭირეთ კომიტეტზე. სავჩენკო დამეთანხმა, რომ უკრაინის დელეგაციას მეტი ორგანიზებულობა და აქტიურობა მართებდა კენჭისყრაზე მომხრეთა (მათ შორის ჩვენი) კონსოლიდაციისთვის.
დიახ, ეს მიღებული პრაქტიკაა აქაც. ქვეყანა, რომელსაც ინტერესი აქვს საკუთარი რეზოლუცია გაიტანოს, ამაზე მუშაობს აქტიურად. ჩვენთვის უკრაინელებიდან არავის მოუმართავს, გუშინ არ გამოგვრჩენოდა კენჭისყრა, დატვირთული დღის წესრიგის გამო. როგორც გითხარით, არანაირი კონტაქტი არ ყოფილა, მაგრამ ზემოხსენებულ კომიტეტზე მაინც აქტიურად დავუჭირეთ უკრაინელებს მხარი, ყველანაირი თხოვნის გარეშე. დღეს კი ნადია სავჩენკოს თხოვნასაც ასევე სიამოვნებით გამოვეხმაურეთ და წერილობით რეზოლუციებს მივუერთდით ჩვენი ხელმოწერებით.
ვინც ამ თემაზე სპეკულირება მოინდომა, უბრალოდ უსინდისოა. იგი ცდილობს, ამ თითიდან გამოწოვილი თემით გადაფაროს სტრასბურგში მიღებული უაღრესად პოზიტიური მესიჯები და მოლოცვები წარმატებულად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო. ამაზე სხვას ვეღარაფერს გეტყვით. აღარაფერია სათქმელი“, -წერს ზვიად კვაჭანტირაძე და ნადეჟდა სავჩენკოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
საქართველოს დელეგაციის წევრებს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს დელეგაციის არც ერთ წევრს არც ერთი რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში მანანა კობახიძის, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძისა და გუგული მაღრაძის შემადგენლობით იმყოფება. გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით ორი რეზოლუცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები