ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა საქართველოს დელეგაციას არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობის ფარგლებში, მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც კომიტეტმა ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა.
​საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომის მსვლელობისას, ევროპელმა კოლეგებმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრმა, ბორის სილევიჩმა, რომელიც საქართველოზე ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელია, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოში. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო გამორჩეულად მშვიდი ყველა იმ საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელიც მანამდე ქვეყანაში ჩატარებულა, რაც სათანადოდ აღნიშნულია ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებებში. მონიტორინგის კომიტეტის წევრმა სტეფან შენახმა (ავსტრია) აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით. ასევე, ხაზი გაუსვა საარჩევნო ადმინისტრირების მაღალ ხარისხს, რაშიც მისი თქმით, განსაკუთრებული როლი მიუძღვით კომისიის ქალ წევრებს, რაც ასევე წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და დელეგაციის წევრმა, მანანა კობახიძემ მასმედიის წარმომადგენლებთან საუბარში განაცხადა, რომ მონიტორინგის კომიტეტმა პრაქტიკულად ერთხმად, მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.
„შეფასებისას კოლეგებმა განაცხადეს, რომ ეს იყო დემოკრატიულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისუფალ, მშვიდ გარემოში ჩაეტარებინა წინასაარჩევნო კამპანია, საზოგადოების დიდმა ნაწილმა კი მხარი „ქართულ ოცნებას”დაუჭირა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობას იღებს, რაც თავის მხრივ, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი მილოცვა ჩვენი კოლეგებისგან და მხარდაჭერა იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს”, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.
​ვროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მუშაობას 15 ოქტომბერს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები