გიორგი ვაშაძე: მსჯელობა გვექნება,თუ რა ფორმით გავაგრძელებთ თანამშრომლობას ბლოკში შემავალი პარტიები სამომავლოდ

ამ წუთებში „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის ოფისში ბლოკში შემავალი პარტიები შეხვედრას მართავენ.
შეხვედრის დაწყებამდე პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.ვაშაძე შეხვედრის განმავლობაში, ბლოკის სხვა წევრებთან ერთად, ბლოკში შემავალი პარტიების თანამშრომლობის სტრატეგიაზე იმსჯელებს.
„თანამშრომლობა მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ძალებთან, თუმცა მანამდე გვექნება მსჯელობა, თუ რა ფორმით გავაგრძელებთ თანამშრომლობას ბლოკში შემავალი პარტიები სამომავლოდ“,-აღნიშნა ვაშაძემ.
ვაშაძემ ასევე განმარტა, რომ თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები პროდასავლური მიმართულების კუთხით განისაზღვრება.
„ბლოკი სამართლებრივად არის საარჩევნო თემა, მაგრამ თანამშრომლობა მნიშვნელოვანია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, ამიტომ გვექნება მსჯელობა, რა ფორმით გავაგრძელებთ თანამშრომლობას. პროდასავლურ ფლანგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ჩამოყალიბება, თუ ვის მოვიაზრებთ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შეხვედრა დასრულდება და გადავწყვეტთ, თუ რამდენი პოლიტიკური ძალა რჩება ბლოკში“, – განაცხადა ვაშაძემ.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე კი ბლოკის გაფართოებაზე საუბრობს.
„მსჯელობა გვექნება მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ თანამშრომლობა უფრო მაღალ ხარისხში უნდა გადავიდეს. ასევე, შესაძლოა, პარტნიორთა წრე კიდევ უფრო გაიზარდოს, იმიტომ, რომ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, ცალ-ცალკე პარტიები რეალურ შედეგს ვერ დააყენებენ“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები