იან კელიმ და იანოშ ჰერმანმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა შეხვედრა გამართა აშშ–ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იან კელისთან და ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან. მთავრობის ადმინისტრაციის ინფრომაციით, საუბარი შეეხო 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
იან კელიმ და იანოშ ჰერმანმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს. მათი შეფასებით, არჩევნები ღია, კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარდა, სადაც ამომრჩევლის ფუნდამენტური ღირებულებები დაცული იყო.
ამერიკის ელჩის განცხადებით, 2016 წლის არჩევნებმა დაადასტურა საქართველოს ერთგულება დემოკრატიული რეფორმებისადმი. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური მშვიდობიანად ჩაივლის და ყველა პოლიტიკური ძალა იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR), ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, რომელთა თანახმადაც, საქართველოში გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები გაიმართა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის ელჩს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საპარლამენტო არჩევნების დადებითად შეფასებისთვის. მანვე აღნიშნა ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის როლი საარჩევნო პროცესის აქტიური მონიტორინგის პროცესში.
პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების სრული მზაობა, უზრუნველყოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩატარება უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები