„კეთილი ვინებოთ და ყველამ ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ავიღოთ ვინ და რა შემოვხაზეთ 8 ოქტომბერს“

“პრაქტიკულად ყოველდღე, მე ამომრჩეველს ვაფრთხილებდი, ნუ მივცემთ მონოპოლიას ნურც „ოცნებას“ და ნურც „ნაციონალურ მოძრაობას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.
„ნიშნისმოგებით ნამდვილად არ ვიტყვი, მაგრამ არჩევნების წინ, პრაქტიკულად ყოველდღე, მე ამომრჩეველს ვაფრთხილებდი, ნუ მივცემთ მონოპოლიას ნურც „ოცნებას“ და ნურც „ნაციონალურ მოძრაობას“. ნუ იზამთ ისე, რომ მხოლოდ ეს ორი პარტია აღმოჩნდეს ერთმანეთის პირისპირ პარლამენტში, თორემ რაღაც უბედურებაში ვყოფთ თავს…ახლა კი ვართ სწორედ ამ უბედურების ერთ ფაზაში. არადა, ამისთვის, ერთადერთი, რაც იყო საჭირო, არჩევანის გაკეთება სხვა მიმართულებებით. მაგრამ ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ და ჩვენმა, ცოტა არ იყოს და, გათავისუფლების ტვირთთან ვერგამკლავებულმა ამომრჩევლის ნაწილმა, იქამდე მიიყვანა საქმე, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ პარლამენტში შესვლა თითქმის გამიხარდა კიდეც, ვინმე სხვა მაინც იქნება-თქო“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხზე ვრცლად ისაუბრა.
„ამ არჩევნების „შემომქმედმა“, ვინც 8 ოქტომბრის შედეგი მოახერხა, იმასაც მოახერხებს, რომ მეორე ტურში საკონსტიტუციო უმრავლესობა გარანტირებული ჰქონდეს. ესეც გასათვალისწინებელი ამბავია, რადგან არსებობს ეს კონკრეტული მოცემულობა. მოცემულობაა ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი მიმართვაც ამ საკითხზე აბსურდულია. ჩვენ გვექნება პოზიცია, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, იქნება პოზიცია უფრო კონკრეტულ ოლქებზე, ვიდრე გლობალური და ყველაფერთან ერთად, ჩვენ-ჩვენი წონა და წილიც ვიცით.
ასე რომ, მოდი, კეთილი ვინებოთ და ყველამ ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ავიღოთ ვინ და რა შემოვხაზეთ 8 ოქტომბერს, რა შედეგი მივიღეთ ახლა და საით მიდის ეს ქვეყანა.
ერთი მხრივ, საკონსტიტუციო უმრავლესობა  ეს არის სახიფათო ქვეყნისთვის და ეს არ უნდა დავუშვათ, მაგრამ მეორე მხრივ, აბა რა უნდა ვქნათ, ეს რომ არ დავუშვათ, აბა „ნაციონალებს” უნდა მივცეთ ხმა?! ეს ხომ არ უნდა ჩავიდინოთ? მე ზუსტად ამ დილემაზე მივანიშნებდი, როდესაც ვსაუბრობდი, რომ არ შეიძლება ამ ორი ძალის, „ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების“, ერთი ერთზე დატოვება პარლამენტში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები