ერდოღანი – თუ გიულენის ექსტრადირების საკითხი გაიწელა, ჩვენ ძალზე სერიოზულ ზომებს მივიღებთ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თუ აშშ-დან ისლამის მქადაგებლის, ფეთჰულაჰ გიულენის  ექსტრადირების პროცესი გაიწელა, ანკარა „ძალიან სერიოზულ ზომებს მიიღებს“.
ერდოღანმა ეს განცხადება ანკარაში, პროკურორობისა და მოსამართლეობის კანდიდატებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის გამო, მხოლოდ სასამართლო სისტემიდან 3 456 პროკურორი და მოსამართლეა გათავისუფლებული. ამასთანავე, ერდოღანმა განაცხადა, რომ 198 მოსამართლე და პროკურორი თანამდებობებზეა აღდგენილი, ხოლო მათ წინააღმდეგ ბრალდებები მოხსნილია მათი უსაფუძვლობის გამო.
რაც შეეხება აშშ-ში მყოფი ფეთჰულაჰ გიულენის შესაძლო ექსტრადირებას, ამასთან დაკავშირებით ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ვაშინგტონს ტერორისტებს პირველივე მოთხოვნის საფუძველზე გადასცემს, ხოლო ვაშინგტონი თურქულ მხარეს ტერორისტების ხელმძღვანელს არ გადასცემს.
„რატომ ხდება ასე? არგუმენტი ის არის, რომ აუცილებელია შესაბამისი სასამართლო პროცედურების განხორციელება. კარგი, ასე იყოს. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხვალ ანალოგიური თხოვნით შეიძლება ვაშინგტონმა მიმართოს ანკარას.  მაშინ ჩვენც ანალოგიურად მოვიქცევით და ყველაფერი მოსამართლეებმა გადაწყვიტონ.   ვიდრე მოსამართლეები გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ხელისუფლება არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ამიერიდან წესები სხვანაირი იქნება. რატომ ხდება ისე, რომ თურქეთი და აშშ სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან. ამასთანავე ვაშინგტონი გამოდის პოზიციიდან, რომელიც პარტნიორობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება,“ – აცხადებს ერდოღანი.
მან ასევე განაცხადა, რომ  FETÖ-მ ყველა რესურსი აამოქმედა, რათა თურქეთში ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირება არ დაუშვას.
„აშშ-მ გადმოგვცა ერთი ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მაგრამ არ გადმოგვცემს სხვა ტერორისტული სტრუქტურის მეთაურს. მიმდინარეობს ძალიან მუხანათური თამაში და ჩვენ ძალზე ფრთხილად უნდა ვიყოთ,“ – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები