გია ნოდია: „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს

„ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს“, – აღნიშნული მოსაზრება პოლიტოლოგმა გია ნოდიამ გამოთქვა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ პარტიის ხელმძღვანელობაზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია.
გია ნოდიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს პარტიაში დიდად არ ითვალისწინებენ.
„არ არის აუცილებელი მიხეილ სააკაშვილი პარტიას ჩამოშორდეს, დაუპირისპირდეს და გაემიჯნოს. ხელმძღვანელობაზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. პარტიას რომ დაუპირისპირდეს, ძალიან მტკივნეული იქნება, შეიძლება ის იყოს ასოცირებული “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მაგრამ პრეტენზია არ ჰქონდეს პარტიის საქმიანობის წარმართვაზე. მას მოწოდებები აქვს, მაგრამ შემდეგ პარტია მას დიდად არ უჯერებს. ეს იწვევს გაუგებრობას და ბუნდოვანებას, მესიჯების არა თანხვედრას, სწორედ ამიტომ არის საჭირო მან თავი შეიკავოს.” გია ნოდიას განცხადებით, სრულიად ლეგიტიმურია პრეტენზიები საარჩევნო პროცესზე, თუმცა არავინ დაობს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნები წააგო. “ქართულმა ოცნებამ” რეალურად მოიგო. საერთაშორისო საზოგადოება შეიძლება რაღაც ფაქტორების გამო კრიტიკული იყოს, არჩევნების რაღაც მხარეების გამო, მაგრამ თავისთავად “ქართული ოცნების” გამარჯვებას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება რევოლუციურ სცენარზე არ ფიქრობს. პარლამენტში რომ არ შედიხარ, გამოდის, ქუჩის ოპოზიცია ხდები და ეს “ნაციონალურ მოძრაობას” მხოლოდ დაასუსტებს. ეს უაღრესად წამგებიანი იქნება თვითონ პარტიისთვის და ზოგადად, საპარლამენტო დემოკრატიისთვის საქართველოში. ძალიან რთული იქნება მეორე ტურებში გამარჯვება, მაგრამ ბოლომდე უნდა იბრძოლოს”, აცხადებს ნოდია.
მისივე განმარტებით, ერთადერთი დამოუკიდებელი ძალა პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა” იქნება. “ძალიან მცირე რაოდენობით იქნება წარმოდგენილი, მაგრამ სხვა ოპოზიციური ძალა არ იქნება პარლამენტში. “პატრიოტთა ალიანსი” შევა, თუ არა, არ ვიცით, მაგრამ ის სერიოზულ პროდასავლურ ოპოზიციად ვერ ჩაითვლება.
საქართველოში არსებობს პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა, ამ სეგმენტის განწყობებს ასახავს ირმა ინაშვილის პარტია. ეს პარტია შესვლა-არ შესვლის ზღვარზეა. “პატრიოტთა ალიანსის” პარლამენტში შესვლა არ გამიხარდება, მაგრამ ეს ტრაგედია არაა. ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის ანტიდასავლური, ანტიევროპული და შეფარულად, თუ ღიად პრორუსული ძალა პარლამენტში. ასეთი ზომის პარტიის პარლამენტში ყოფნა ტრაგიკული არ არის, ეს არ არის მთავარი, მთავარი პრობლემა ერთი პარტიის სრული დომინირებაა”. 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომელიც მოიცავს უბნების 99.92%-ის დათვლის შედეგებს, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,6 % ხოლო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ- 27,14%. მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. აქედან 45 ოლქში ერთმანეთს “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები დაუპირისპრიდებიან. ამასთან, ცესკო საიტზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა “პატრიოტთა ალიანსის” მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ცესკოს ვებგვერდზე, ამჟამად გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიას 88 109 ხმა აქვს, რაც ნიშნავს, რომ 55%-იანი ბარიერი გადალახეს.
წყარო: ნეტგაზეთი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები