თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებული უკრაინიდან 30 ივნისს ჩამოვიდა? – “ყველაფერი სააკაშვილმა დაგეგმა”

აფეთქებაში ბრალდებული უკრაინიდან 30 ივნისს ჩამოვიდა?! – ამ სათაურით გაზეთი “კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში დეპუტატ გივი თარგამაძის კუთვნილი ავტომობილის აფეთქების თემაზე სტატიას აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეში სამი პირის მონაწილეობას განიხილავს: მიხეილ ჩარგეიშვილის, ბორის ჩაგუნავასა და დარჩო ხეჩუაშვილის.
“კვირის პალიტრისთვის” ცნობილი გახდა სამივე მათგანის წარსული საქმიანობის შესახებ.
მიხეილ ჩარგეიშვილი 2005-2010 წლებში შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ფარული მეთვალყურეობისა და დადგენის მთავარი სამმართველოს უფროს ინსპექტორად (მზვერავი) მუშაობდა, 2010-2012 წლებში – შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის ქვეგანყოფილების უფროსი, 2012-2013 წლებში კი შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის უფროსი ინსპექტორი იყო.
ბორის ჩაგუნავა 1997-1998 წლებში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმ “დელტას”, 1999 წელს კი შსს-ს ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს მებრძოლი გახლდათ. 2000 წელს ის ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოში ოფიცრად გადაიყვანეს, 2000-2002 წლებში ანტიტერორისტული ცენტრის ოფიცრად მუშაობდა, 2004 წელს კი სწრაფი რეაგირების შენაერთის ოფიცრად დააწინაურეს.
როგორც “კვირის პალიტრა“ წერს, ფიქსირდება უკრაინასთან საქმეში ბრალდებულის დარჩო ხეჩუაშვილის სავარაუდო კავშირი.
„ის 2008 წლის მარტიდან 2012 წლის სექტემბრამდე, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სპეციალურ ოპერატიულ მთავარ სამმართველოში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა, ერთ-ერთი ინფორმაციით, 2016 წლის 20 მაისიდან 30 ივნისამდე კი უკრაინაში იმყოფებოდა. გამოძიება უკრაინაში მისი ვიზიტის მიზეზებს არკვევს„ – წერს „კვირის პალიტრა“.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილ მრჩევლის ირაკლი გოგავას თქმით, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთება და წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის მოწყობა მხოლოდ “ნაცმოძრაობის“ ინტერესებში შედიოდა.
“მართალია, ნაციონალ-რევანშისტები ამბობენ, ტერაქტი რუსეთის მოწყობილიაო, თუმცა ეს სცენარი რუსეთში რომ დაწერილიყო, მერწმუნეთ, გივი თარგამაძისგან მანქანაში არაფერი დარჩებოდა. შესაბამისად, ამ ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავ. გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რა კავშირი აქვთ აფეთქების შემსრულებლებს უკრაინასთან. როგორც ვიცი, დარჩო ხეჩუაშვილი უკრაინაში რამდენჯერმე იმყოფებოდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერი სწორედ უკრაინაში, სააკაშვილმა დაგეგმა. თარგამაძის მანქანის აფეთქება სახელმწიფო გადატრიალების სცენარში ერთ-ერთი რგოლი უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ სააკაშვილის თათბირის ჩანაწერებიც მოწმობს,რაც საზოგადოებამ არაერთხელ მოისმინა“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები