”საზოგადობრივი დამცველი”: მიუხედავად რამდენიმე ინციდენტისა, არჩევნების დღემ, მთლიანობაში, მშვიდ გარემოში ჩაიარა

“მიუხედავად რამდენიმე ინციდენტისა, არჩევნების დღემ, მთლიანობაში, ჩაიარა მშვიდ გარემოში”, – ამის შესახებ ინფორმაციას ”საზოგადოებრივი დამცველი” ორგანიზაციის დამკვირვებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“საზოგადოებრივი დამცველი” 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 130 დამკვირვებლით უწევდა მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები თბილისის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის 120 საარჩევნო უბანზე იყვნენ გადანაწილებულნი. ასევე, საარჩევნო დღის მიმდინარეობას აქტიურად აკვირდებოდა 5 მობილური ჯგუფი.
”საზოგადოებრივი დამცველის” დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მიუხედავად რამდენიმე ინციდენტისა, არჩევნების დღემ, მთლიანობაში, ჩაიარა მშვიდ გარემოში. საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა და დაიხურა. კენჭისყრისა და შეჯამების პროცესმა მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე ჩაიარა.
”საზოგადოებრივი დამცველის” დამკვირვებლების მიერ მთელი დღის განმავლობაში დაფიქსირებული დარღვევების ძირითადი ნაწილი შეეხებოდა პროცედურულ ხარვეზებს, კენჭისყრის ფარულობის დარღვევას. კერძოდ, დაფიქსირდა ერთი შემთხვევა თბილისში, სამგორის N13.06.62 უბანზე, ასევე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის უბანზე ყოფნის ერთი ფაქტიც, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის N42.32.51 საარჩევნო უბანზე, საერთო ჯამში დაფიქსირდა 10-მდე დარღვევა, დაიწერა 3 საჩივარი და გაკეთდა ერთი შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.
”საზოგადოებრივი დამცველის” შეფასებით, მთლიანობაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში და ორგანიზებულად ჩატარდა, თუმცა ”საზოგადოებრივ დამცველს” მიაჩნია, რომ კიდევ არის საკითხები, რომელიც საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს და გაუმჯობესდეს. კენჭისყრის პროცესი კი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიერ დადებითად შეფასდა.
”საზოგადოებრივი დამცველი” გააგრძელებს, არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების სისწორის შესწავლა-დამუშავებას, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შემაჯამებელ ოქმებს გაასაჩივრებს ზემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციაში, კანონმდებლობის შესაბამისად.
”საზოგადოებრივი დამცველი” იმედოვნებს, რომ არჩევნების სრული პროცესის დადებითად შესაფასებლად, მუშაობა უნდა გაგრძელდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში”, – ნათქვამია ”საზოგადოებრივი დამცველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები