თამარ ჩუგოშვილი: 8 ოქტომბრის არჩევნებმა რეგიონში საქართველოს დემოკრატიული ლიდერის სტატუსი გაამყარა

პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი თამარ ჩუგოშვილი კმაყოფილია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმართ საერთაშორისო დამკვირვებელთა მხრიდან გაკეთებული შეფასებებით.
კერძოდ, მისი თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებმა, კიდევ უფრო გაამყარა საქართველოს, როგორც რეგიონში დემოკრატიული თვალსაზრისით ლიდერის სტატუსი.
“ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა,”- აცხადებს ჩუგოშვილი.
მისივე თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის გაუგებარია ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელის მხრიდან ცესკოს საქმიანობის მიმართ გამოცხადებული უნდობლობა და უარყოფითი შეფასებები.
“ოპოზიციური პარტიების განცხადებები, ცესკოს საქმიანობის მიმართ უნდობლობის გამოცხადებაზე არის ძალიან საყურადღებო. კერძოდ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის განცხადებით, ის იმედგაცრუებულია ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის განცხადებით, რომლებიც არჩევნების შედეგებს  კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, რადგან არანაირი საფუძველი არჩევნების შედეგში ეჭვის შეტანისა არ არსებობს. ასევე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე მათი ეჭვქვეშ დაყენება მიუღებელია და პოლიტიკური მოუმწიფებლობის ნიშანია”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები