ცესკო: ამ ეტაპზე ყველა საოლქო კომისიაში 228 საჩივარია შესული

“არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა”,-ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გარდა ერთეული შემთხვევებისა, ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა.
„არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საარჩევნო უბნებს გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის დაფიქსირდა დაპირისპირების ცალკეული ფაქტები. გარდა ერთეული შემთხვევებისა, ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ, მთელი დღის განმავლობაში, საკუთარი ნების გამოხატვა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მან საზოგადოებას საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
„საერთო ჯამში, ამ ეტაპზე ყველა საოლქო-საარჩევნო კომისიაში შეტანილია 228 საჩივარი. საჩივარი დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე იქნა აღმოფხვრილი. რაც შეეხება ოლქში შეტანილ საჩივრებს, მათი უმეტესობის მოთხოვნაა კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. ასევე, საჩივრების ნაწილი შეეხება ხმის მიცემისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურებს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისვე თქმით, საოლქო საარჩევნო კომისია ოლქში შეტანილ საჩივრებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
„შეგახსენებთ, რომ საოლქო-საარჩევნო კომისია ოლქში შეტანილ საჩივრებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მოახდენს შესაბამის რეაგირებას. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო უბნების უმეტესობიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ დროულად მიიღო საუბნო-საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომლებიც ეტაპობრივად იტვირთება და ხელმისაწვდომია კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაჟორიტარული, საკრებულოს შუალედური, მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მონაცემების შეყვანა“, -აღნიშნა ცესკოს სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები