„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საპარლამენტო არჩევნებს აფასებს – არჩევნების დღემ მთლიანობაში, მშვიდ გარემოში ჩიარა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” –ს შეფასებით, არჩევნების დღემ მთლიანობაში, მშვიდ გარემოში ჩაიარა, გამონაკლისი იყო მარნეულისა და ზუგდიდის ზოგიერთი უბანი.
მათივე ცნობით, საარჩევნო უბნების აბსოლუტური უმრავლესობა დროულად გაიხსნა და დაიხურა. კენჭისყრისა და შედეგების შეჯამების პროცესი უმეტესწილად, მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა.
„ჩვენმა დამკვირვებლებმა მთელი დღის განმავლობაში 80-მდე მეტნაკლებად სერიოზული ძირითადად პროცედურული დარღვევა აღმოაჩინეს. ჩვენ მიერ დაიწერა 10 საჩივარი.
მარნეულის 36.22 ოლქის 48-ე საარჩევნო უბანთან 17:00 საათისკენ მოხდა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა მობილიზება, რომლებმაც დაარბიეს უბნის შენობა. გავრცელდა ინფორმაცია, საარჩევნო ყუთის გატაცებასთან დაკავშირებით. ამ ინციდენტზე დროული რეაგირება მოახდინეს სამართალდამცავმა ორგანოებმა და განმუხტეს მდგომარეობა. პოლიციის მუშაობა ამ მხრივ, დადებითად შეიძლება შეფასდეს.
ზუგდიდის 66.67 საარჩევნო ოლქში, სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე შეიჭრა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც დაამტვრია საარჩევნო ყუთები და დაარბია უბანი. ასევე, ქუთაისის 49.59 ოლქის 90-ე უბნის მიმდებარედ დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი. ჯიხაშკარის უბნების დარბევის ფაქტზე სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს ერთი პირი, მიმდინარეობის გამოძიება სხვა თანამონაწილე პირთა იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით. აღნიშნული უბნების შედეგები, სავარაუდოდ, გაბათილდება“,- აცხადებენ ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში”.
ორგანიზაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობასაც აფასებს და აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ, სამივე დონეზე, ძირითადად, დამაკმაყოფილებლად იმუშავა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საარჩევნო უბანზე შედეგების შეჯამების პროცესი დროში მნიშვნელოვნად გაიწელა, ცესკო, მთლიანობაში, დროულად უზრუნველყოფს კენჭისყრის შედეგების შეჯამებასა და გამოქვეყნებას. ამ დროისთვის გამოქვეყნებულია საარჩევნო უბნების დაახლოებით 65%-ის წინასწარი შედეგები. ეს უწყება პერიოდულად ატარებს ბრიფინგებს, ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით.
საარჩევნო უბნების მნიშვნელოვანი ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იყო. მთლიანობაში, დადებითი სურათის ფონზე, ყველაზე პრობლემური იყო საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ოლქებში. ამ კუთხით, აღსანიშნავია საგარეჯოს, მარნეულის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქების საუბნო კომისიების წევრების დაბალი კვალიფიკაცია. კვალიფიკაციის პრობლემა სხვა პროცედურული დარღვევების საფუძველი იყო ასევე სხვა უბნებზეც, მთელი ქვეყნის მასშტაბით,” – აღნიშნავენ ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შესაბამის ორგანოებს რეკომენდაციებითაც მიმართავს.
„სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად უნდა გამოიძიონ ჯიხაშკარის საუბნო-საარჩევნო კომისიების დარბევის ფაქტები და პასუხისგებაში მისცენ დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი;
საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლება, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ საუბნო-საარჩევნო კომისიებზე, რომლებიც ყველა არჩევნებზე გამოირჩევიან დაბალი კვალიფიკაციით;
პოლიტიკურმა პარტიებმა / საარჩევნო სუბიექტებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და არ უნდა წააქეზონ საკუთარი მხარდამჭერები ძალადობისკენ“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 400 ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე იყვნენ გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 52 მობილური ჯგუფიც ადევნებდა თვალს.

14628231_525907507615437_1281707637_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები