თამარ ჩუგოშვილი: იმის თქმა, რომ ცესკომ პროცედურა გაწელა, უბრალოდ სპეკულაციია და მეტი არაფერი

პარტია „ქართული ოცნების“ წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ამჟამინდელი მონაცემები ეგზიტპოლების შედეგებთან ძალიან ახლოს არის, თუმცა საარჩევნო ხმების საკმაოდ დიდი პროცენტი კიდევ დასათვლელია. ჩუგოშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარი პროცენტული მაჩვენებლის გაზრდას ელოდება.
მისივე განმარტებით, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ დარჩება და ის ორგანიზაციები, რომლებიც ხმის მიცემას მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდნენ, ნებისმიერ დარღვევას შესაბამისი რეაგირებით უპასუხებენ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცოტა ხნით ადრეც თქვა, რომ ვერდიქტი იქნებოდა ის ეგზიტპოლები, რასაც „რუსთავი 2“ გამოცხადებდა და არა ცესკოს ოფიციალური მონაცემები. ეს აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა, რაგდან ცესკო არის ის ორგანო, რომელიც ძალიან მაღალი ნდობით სარგებლობს და საკუთარ საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს. ეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ანგარიშში წერია. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს შედეგებია ლეგიტიმური. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ცესკოს მონაცემების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის სიურპირიზი ნამდვილად არ არის, რადგან ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ეს პოლიტიკური ძალა სწორედ ამისთვის ემზადებოდა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ სულ ვიმეორებდით, რომ ვერდიქტი ცესკოს მიერ შეჯამებული მონაცემები იქნებოდა. ამ არჩევნებს უპრეცედენტო რაოდენობის ორგანიზაციები აკვირდებიან, რომლებიც ნებისმიერ დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. პირველ რიგში, ჩვენ ვართ დაინტერსებულნი, რომ, ამ პროცესთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ დარჩეს და ეს ასეც იქნება,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გიორგი კანდელაკის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ცესკო ოქმების გამოქვეყნებას აჭიანურებს. ჩუგოშვილის განმარტებით, აღნიშნული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციაა.

„ცესკომდე ოქმის მისვლას გარკვეული პროცედურა სჭირდება. მე რამდენადაც ვიცი, ოქმების ატვირთვა, ან დაწყებულია, ან მალე უნდა დაიწყოს. მე ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ დამკვირვებელი და თითქმის არ მქონია შემთხვევა, რომ 12:00-ზე ან 01:00-ზე შედეგები შეგვეჯამებინოს. ზოგჯერ უბნის შედეგების შეჯამებას დილის 8 საათამდეც დასჭირვებია, ამიტომ იმის თქმა, რომ ცესკომ პროცედურა გაწელა, უბრალოდ სპეკულაციია და მეტი არაფერი”, – განმარტა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები