კახა კალაძე: ჩვენი პოლიტიკური ძალა გმობს ნებისმიერ დაპირისპირებას

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა, კახა კალაძემ განცხადება გააკეთა, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“მინდა, გამოვეხმაურო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ დროული რეაგირება სამართალდარღვევის ფაქტზე და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი.
ბოლო ინფორმაციით, არ არიან იდენტიფიცირებული პირები, რომლებიც დაუპირისპირდნენ ასევე მედიის წარმომადგენლებს. უნდა მოხდეს ამ პირების დაუყონებლივ იდენტიფიცირება. ჩვენი პოლიტიკური ძალა გმობს ნებისმიერ დაპირისპირებას, მით უფრო, როდესაც საქმე ეხება მედიისა და დამკვირვებლების საქმიანობის ხელის შეშლას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთლიანობაში საარჩევნო პროცესი წარიმართა მშვიდობიან ვითარებაში და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხმის დათვლის პროცედურაც ჩატარდეს მშვიდ გარემოში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსნებთ, ზუგდიდში, ჯიხაშკარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება 163-ე მუხლით დაიწყო, რაც საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა, რამაც არჩევნების, რეფერენდუმის, ან პლებისციტის, ანდა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა გამოიწვია, გულისხმობს.
ჯიხაშკარში, 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე რამდენიმე პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, უბნებზე დამტვრეულია საარჩევნო ყუთები, გარდა ამისა, შეურაცხყოფა მიაყნეს საარჩევნო კომისიის წერებსაც. როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები