სავალუტო ფონდის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 3,4%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი 5,2%-ით

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 3,4%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი 5,2%-ით.
დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინფლაციის დონე საქართველოში წელს 2,6% იქნება, 2017 წელს კი 3,6%, რაც შეეხება მშპ-ს – 2016 წელს საქართველოში მშპ-ის 12,1%-იანი დეფიციტი დაფიქსირდება, ხოლო მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 12,0%-ს მიაღწევს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უცვლელად დატოვა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის 3%-იანი პროგნოზი 2016 წლისთვის. 2017 წელს კი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 3,4% იქნება.
ფონდის ინფორმაციით, გლობალური ეკონომიკის შენელებული ზრდა მომავალშიც გაგრძელდება გადამწყვეტი პოლიტიკური ზომების მიუღებლობის ფონზე.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 1,8%-დან 1,6%-მდე შეამცირა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი (ივლისის თვის პროგნოზი), რაც წლის პირველ ნახევარში შემცირებული ბიზნეს ინვესტიციებით არის გამოწვეული.
ფონდმა ასევე 2,2%-დან 1,6%-მდე შეამცირა აშშ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. შენელებული ზრდა ექნება დიდი ბრიტანეთის ეკონომიკასაც, რომელიც მიმდინარე წელს 1,1% იქნება, მომავალ წელს კი 2,2%.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, ანგარიშის თანახმად, რუსეთის ეკონომიკა წელს 0.8%-ით, აზერბაიჯანის კი 2.4%-ით შემცირდება, 3.2%-ით გაიზრდება სომხეთის, 3,3%-ით კი თურქეთის ეკონომიკა.
ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 42,96 დოლარი იქნება, 2017 წელს კი 50,64 დოლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები