ივანიშვილი “ნაცებზე” – კაცს ზარბაზანი რომ არ გაქვს და რიყის ქვას გაისვრი, ძალიან ცუდ შედეგს მიიღებ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ მხადამჭერებს კი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში რაიმე სახის დესტაბილიზაციის მოწყობის შემთხვევაში, ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
​როგორც ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რაიმე პროვოკაცია იქნება მოსალოდნელი, თავადვე მიიღებენ მძიმე შედეგს და საბოლოოდ თავს დაიღუპავენ.
„რაც შეეხება, ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოსალოდნელ არეულობასა და გადატრიალებაზე, ამის ერთადერთი მეოცნებე „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა უკრაინელი ლიდერით. მტკიცებას არ დავიწყებ, რომ ჩვენ ძალიან ძლიერი სახელმწიფო გვაქვს, თუმცა ჩვენ გვაქვს სახელმწიფო და აბსოლუტურად ყველა გამოწვევას შეუძლია უპასუხოს. აქცენტს გავაკეთებ იმაზე, რომ ესენი არიან გაკოტრებულები. დღეს აღარაფერი აქვთ, არაფრის თავი არ აქვთ. ესენი ქვეყანას მართავდნენ, როდესაც კუდი, სოდი მათ ხელში იყო და როგორ ექცეოდნენ ხალხს, პოლიცია იყო იარაღი ხალხის დათრგუნვისთვის. გახსოვთ ალბათ, როგორი მეთოდებით მართავდნენ, როგორ ხოცავდნენ ახალგაზრდებს. ჩანაწერები, ეს იყო მთელი სისტემა, რომელიც მათ ჰქონდათ. დღეს არაფერი აქვთ. გაკოტრებულები არიან, არც უცხოეთიდან აქვთ მხარდაჭერა. ეს, თავიანთ გუნდის წევრებმაც კარგად იციან, ჭორებსაც თვითონვე, შეგნებულად ავრცელებენ. მათ, არჩევნებზე არანაირი შანსი არ აქვთ, რომ რაიმე სერიოზული შედეგი მიიღონ. 46 კაცი ჰყავთ და შეიძლება, პარლამენტში 10 კაცი შეიყვანონ. ეს ყველაფერი კარგად იციან და ამით ცდილობენ, მხოლოდ გუნდი შეინარჩუნონ. გარწმუნებთ, არაფერი იქნება და თუ მაინც ვინმეს ხელი წაუცდა, იმიტომ, რესურსი რომ არ გაქვს კაცს, ვთქვათ… კაცს ზარბაზანი რომ არ გაქვს და რიყის ქვას გაისვრი, თვითონვე ძალიან ცუდ შედეგს მიიღებს. თუ რომელიმე ბრიყვი და საერთოდ, ეს ბრიყვული ჯგუფი, გაბედავს, რაიმე პროვოკაცია მოაწყოს, თვითონვე მიიღებს ძალიან მძიმე შედეგს და საბოლოოდ თავს დაიღუპავს. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი. ეს არის მთავარი, მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ცდილობენ, როგორმე ამომრჩეველი მიიყვანონ და ელოდებიან რაღაც სასწაულს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები