ბიძინა ივანიშვილი: აუდიოჩანაწერზე კვლევები არ არის საჭირო – მათ ღია განცხადებებში იგივე პათოსია

გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე დიდი კვლევები არ არის საჭირო, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ტელეკომპანია „GDS“-ის ეთერში ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები და აუდიოჩანაწერის საუბრები ერთმანეთს ძალიან ჰგავს.
„აუდიოჩანაწერი ავთენტურობას რაც შეეხება, ამაზე დიდი კვლევები არ არის საჭირო და არაფერს არ ნიშნავს. მათი ღია განცხადებები ერთ კონტექსტში ჯდება. თუნდაც მათი გაქცეული ლიდერის ბოლო განცხადება, რომ ეგზიტპოლები დაიდება „რუსთავი 2“-ზე და ეს იქნება ჭეშმარიტება, ან მისი მეუღლის განცხადება, რომ მიშა ისეთი მაგარია, გვირაბს გათხრის და სოლოლაკში ჩამოვა. ეს განცხადებები და დამოკიდებულება ისედაც კარგად ჩანს, ამიტომ ეს საქართველოს მოსახლეობისთვის არ იყო მოულოდნელი ან საოცრება. ამის ავთენტურობა არაფერს არ ნიშნავს. მათ განცხადებებში იგივე იკვეთება, იგივე პათოსია. მრავალჯერ მითქვამს, ერთმანეთს ამაგრებდნენ მხოლოდ იმით, რომ გაზაფხულზე გეგმავდნენ რევოლუციას.
ჩემი აზრით, ავთენტურობის დადგენაზე უარი რომ თქვას პროკურატურამ ალბათ, გამოვლენ თვითონ და იტყვიან, ავთენტურია, ჩვენ ნამდვილად ვილაპარაკეთ-ო. ამით რეკლამას იკეთებენ, რადგან სხვა არაფერი დარჩათ. მათ საკუთარი ხელწერა აქვთ და სხვა ვერ მოახერხეს, ვერ შეცვალეს, არ აქვთ ამისი ნიჭი და ამის რესურსი . ქვების სროლით მოვიდნენ, ძალადობით იყვნენ ცნობილი, მათი განცხადებები მათ მართულ ტელევიზიებში სიცრუის ტირაჟირება იყო.
ასე ამხნევებენ ერთმანეთს, რომ იქნებ მოხდეს საოცრება და მათი მშიშარა ლიდერი ჩამოვიდეს. გახსოვთ გორის ფოტო, რომელიც შიშის სიმბოლოდ იქცა. იქნებ ახლა მაინც დაძლიოს შიში. ვინც ფსიქოლოგია იცის, ყველა მოძალადე ძალიან მშიშარაა და ასეთი ქმედებით უნდათ შიში დაძლიონ. აგონიაში მყოფნიც ცდილობენ როგორმე გადალახონ შიში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები