ირაკლი კობახიძე: არავის მივცემთ საშუალებას, არეულობა შემოიტანოს საარჩევნო პროცესებში, ზოგადად ქვეყანაში

ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, არეულობა შემოიტანოს საარჩევნო პროცესებში, ზოგადად ქვეყანაში – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
„ბინძური საქმეების „ნაციონალური მოძრაობა“ მოფიქრებაში შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი, თუმცა ამ ყველაფრის შესრულების რესურსი ამ მარგინალურ პოლიტიკურ ძალას არ აქვს და ამის გარანტია „ქართული ოცნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაზეც ისინი ბოლო პერიოდის განმავლობაში საუბრობდნენ.
„ნაცმოძრაობის“ ოფისებში ლიდერების მხრიდან იგეგმება პროვოკაციები, იგეგმება დესტაბილიზაცია, თუმცა ჩვენი ხელისუფლება სრულად ფლობს სიტუაციას და ვითარებას. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, არეულობა შემოიტანოს საარჩევნო პროცესებში, ზოგადად ქვეყანაში. ამის უფლებას ნამდვილად არ მივცემთ არც „ნაციონალურ მოძრაობას“, – აღნიშნა კობახიძემ.
დღეს ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ. ისინი რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები