„როქსენის „ტანგო“ რომ დავასრულე, თითქოს განვიწმინდე  სულიერი ბიწისაგან და რომც გავსულიყავი ამქვეყნიდან, არ ვინანებდი“…

მუსიკის სიყვარული მამამ და პაპამ ჩაუნერგეს, აკორდეონიც უყიდეს თუშური სიმღერებისთვის. მოსიყვარულე და პატიოსანი მშობლები ჰყავდა. ტაძრამდე ტრაგიკულმა შემთხვევამ მიიყვანა. მედავითნის და მუსიკოსის სასწაულებით აღსავსე ცხოვრება. როგორ ახერხებს სიმღერისა და ღვთის სიტყვის მსმენელის გულებამდე მიტანას? – გოჩა ჭაბუკაიძის პერსონა.


12039513_934834239915120_5556965117872744118_n– მადლი და მშვიდობა, ძვირფასებო! ჩემი მშობლები გახლავთ ნოდარი და თამარი ჭაბუკაიძეები; მამა ცოცხალია, დედა, სამწუხაროდ, 38 წლის ასაკში გარდაიცვალა… პაპა და ბებია იყვნენ: გაბრიელ ჭაბუკაიძე და ელისაბედ ბეწუნაიძე. ყველა ერთად ვცხოვრობდით. ზემოხსენებული პატარა საბავშვო აკორდეონით პაპა და მამა დაკვრას და სიმღერას მასწავლიდნენ. სუსტი და გამხდარი თავიდანვე ვიყავი… მიძნელდებოდა მისი დაკვრა და ამიტომ დავდევდი ყველას, „გამიწიეთ, რომ დავუკრა-მეთქი”. შემდეგ მიმიყვანეს აკორდეონის ხუთწლედში.
ჩემი პირველი მასწავლებელი ეროვნებით რუსი  ქ-ნი ნატაშა კოვროვა იყო. ერთი კურიოზი მახსენდება. მუსიკისა და სიმღერის კონკურსზე მიმიწვიეს 6 წლისა და მაშინ იმდენად დიდი ზომის აკორდეონი მეკიდა მხრებზე, რომ როცა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, სცენაზე მხოლოდ აკორდეონი გამოვიდა… ბავშვი არ ჩანდა… პირველი ადგილი ავიღე. მახსოვს სმენით აწყობილი მუსიკა გავიტანე მაშინ და დიდი მოწონებაც დავიმსახურე. ეს იყო აკორდეონის ისტორია.
დედა ძალიან მკაცრი, მაგრამ მოსიყვარულე და თავდადებული მშობელი იყო. თავის დროზე ველოსპორტის ჩემპიონი. მამა მძღოლი გახლდათ, იმდენად წესიერი, რომ ერთი საგზაო შემთხვევა არ ჰქონია. საერთოდ, ორივე ძალიან პატიოსანი და ყველა გაჭირვებულის პირველი დამხმარე და შემფარველები იყვნენ. ვინ აღარ იცხოვრა ჩვენს სახლში, თვეობით და ხან წლობითაც. აბიტურიენტებმა და ახალშეუღლებულმა წყვილებმა, როგორც შინაურებმა, ისე გარეულებმა. მეც ვხედავდი მათ საქციელს და გულში სხვათა დახმარების წყურვილი ყოველთვის მქონდა. აი, დაახლოებით ასეთი იყო ჩემი ბავშვობა.
– ალბათ, ტაძრამდე თქვენმა დიდმა ტრაგიკულმა შემთხვევამ მიგიყვანათ, როცა ბავშვობაში ავარიაში მოჰყევით… და შემდეგ, 17 წლის დაობლდით, სიმსივნემ დედაც გამოგაცალათ ხელიდან…
წავიკითხე თქვენი ამაღელვებელი მოგონება, როგორ დაურიგეთ ფული მათხოვრებს და ამდენივე თანხა როგორ დაგიბრუნდათ უკან… 

11891438_916025605129317_8818838382541695795_o– როგორც თვითონ აღნიშნეთ, უამრავი განსაცდელი ერთბაშად დამატყდა თავს… და გაოგნებულმა  ჩემს თავს დავუსვი კითხვა: „ვინ მართავს ქვეყნიერებას, ვისი ნებით ხდება ეს ყველაფერი? ვისი განგებით ვარ ამ მდგომარეობაში?”…
და აი, ასე მოხდა ეს ყველაფერი: სიონის ტაძარში მოვისმინე სახარება:  „რა საწყაულითაც მიუწყავ, იმავეთი მოგეწყვება შენ“.
დაიწყო გალობა, მომადგა თვალზე ცრემლი და ვთხოვე უფალს, რაღაც ახალი გზა გამოეჩინა ჩემთვის…
წირვა რომ დასრულდა, ჩაფიქრებული გარეთ გამოვედი… ერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან და მეუბნება: „დამეხმარე, შვილი ავადმყოფი მყავს… დაუფიქრებლად გავხსენი საფულე და მივაწოდე თანხა… საფულის დანახვაზე, ვინც იქ იდგა, ყველა ჩემკენ წამოვიდა… მეც დაუფიქრებლად ყველას ვაძლევდი, რაც მქონდა… დავცარიელდი… ერთი შაოსანი ქალი მაკვირდებოდა და ეღიმებოდა თავისთვის… არც მის ირონიას ვაქცევდი ყურადღებას და არც ცარიელ საფულეს… ჩემი სურვილი ერთადერთი იყო… ჭეშმარიტი გზა და ცხოვრების წესი… მახსოვდა თანხის რაოდენობა და ის, რომ კენტი რიცხვი იყო და არა რაღაც დამრგვალებული, რომელსაც შემთხვევითობას მიაწერდა ზოგიერთი…
და აი, სამსახურში კაპიკი არ შემოვიდა… გაბზარული მაქვს გული და მეწყება იმედგაცრუება… მეგობარმა უფასოდ წამიყვანა რუსთავში… სახლში განერვიულებული მივედი, არაფრის არც მოსმენა და არც დანახვა არ მინდა… კარებზე ზარი გაისმა… მე მკითხულობდნენ… თავისი აკომპანიატორი ცუდად ჰყოლიათ და მოულოდნელად მუდმივი მოქეიფე კლიენტები დასდგომიათ თავზე… მივხვდი, რაღაც ახალი იწყებოდა ჩემთვის… ვუკრავ, ვმღერი და ფული შემოდის სასწაულად… დღის ბოლოს ვთხოვე მეგობრებს, ჩემი წილი უბრალოდ ჩაედოთ ჩემს ჯიბეში რაოდენობის უთქმელად… სახლში ვბრუნდები და ჯიბეზე ცეცხლი მეკიდება, გული მეუბნება, რომ ზუსტად ის თანხაა, რაც გავეცი სიონში…  სულმოუთქმელად ავირბინე სახლში კიბის საფეხურები… შევვარდი ჩემს ოთახში, ამოვიღე თანხა, ვითვლიდი და გული ყელში მებჯინებოდა, ზუსტად ის კენტი თანხა რომ აღმოჩნდა… წამომსკდა ცრემლები, დავემხე მუხლებზე, ვტიროდი და ვამბობდი: „გმადლობ მამაო, შენ არსებობ და მაპატიე, რომ მხოლოდ დღეს შევიტყვე შენი არსებობა! მე ასეთი განცდა მხოლოდ მორიგი სასწაულების შემთხვევებში მიმეორდებოდა… ამით მიმანიშნა უფალმა, რომ ამქვეყნად, მართლაც, „ერთი ღერი თმა არ დავარდება, მარტო ჩემი კი არა, ყველა მისი ქმნილების თავიდან ზეციერი მამის ნების გარეშე“… ვიპოვე ის, ვინც მართავს ამ ქვეყნიერებას და განსჯის საბოლოოდ… იმ დღიდან მოყოლებული, უკვე მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი გავხდი და აღარ ვდრტვინავდი ჩემს თავზე გარდამავალი მოვლენებისთვის, ხოლო თუ უძლურების მიზეზით ვეცემი და ვეღარ ვუძლებ, აღსარებით და ზიარებით კვლავ ვიახლებ ცოდვებით დამძიმებულ სულს… „განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს  უ ფ ა ლ ი“, მე ეს განვიცადე, დიდება მ ა ს!
14358736_1154312894633919_1453971971386398951_n– მუხიანში დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის მედავითნე ხართ…
– მედავითნე, პირველ რიგში, დავითნს, ანუ საეკლესიო საკითხავებს უნდა კითხულობდეს შეცდომების გარეშე, რადგან მთავარი პრობლემა სხვა აქვს წინ… მან ერთმა უნდა უთხრას ღმერთს ერის სათქმელი, რომელსაც მრავალი ასწლეულის მანძილზე წმიდა მამები გადაამუშავებდნენ და დღემდე შემოგვინარჩუნეს. ისე უნდა ისაუბრო, რომ მსმენელმა ეს სიტყვა თავის სალოცავ სიტყვებად მიიღოს. ეს ძალიან ძნელია, ჯერ მედავითნემ უნდა გაითავისოს და შეისისხლხორცოს ის სიტყვები, თუ მუსიკოსია… მთლად უკეთესი… ამ სიტყვებს გარკვეული გამღერება სჭირდება, უნდა ერკვეოდეს საეკლესიო გალობის რვა ხმაში… არის კიდევ ერთი პრობლემა… მოძღვარი ხან სწრაფ ტემპზე გაკურთხებს, ესეც უნდა შესძლო, ოღონდ გასაგებად უნდა იკითხო. შენზეა დამოკიდებული, მრევლს ჩააფიქრებ, თუ საერო საუბრების ხასიათზე დააყენებ… ირონიას მოჰგვრი თუ თანაგრძნობას და ყურადღებას. რა გითხრათ ჩემზე… ძნელია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ როგორც სიმღერის და მუსიკის მსმენელის გულამდე მიტანას ვცდილობ, ასეთივე მაქსიმალურად ვცდილობ, ვიკითხო მთელი გულისყურით და პასუხისმგებლობით…
– ქართული და უკრაინული „ნიჭიერის“ ფინალისტი, ოდესმე თუ იფიქრებდით, რომ სცენაზე იმღერებდით და დიდ პოპულარობას და წარმატებას მიაღწევდით?
– რომ გითხრათ, ამას არ ვფიქრობდი, არ იქნება მართალი. ყველას აქვს თავისი ოცნება. მე წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე და, ბუნებრივია, ამ მუშაობის ნაყოფსაც ველოდებოდი… მაგრამ ასეთი პოპულარული თუ ვიქნებოდი და თან შევინარჩუნებდი ამას, აგერ უკვე ორი წელია და ისევ ისე ვიქნებოდი იგივე სახით, ეს ნამდვილად არ მეგონა… თან, სიმართლეს გეტყვით, პიანისტობით უფრო ვფიქრობდი წარმატებას, ვიდრე სიმღერით… მაგრამ აქ მსურს გავიხსენო ჩემი პირველი, აწ გარდაცვლილი მოძღვრის, უწმიდესის ყოფილი არქედიაკონის, დეკანოზ თეიმურაზის (ტუღუში) სიტყვები: „შენ ვინ იქნები მომავალში და როგორი იქნები, ახლა რომ გითხრა, ვფრთხილობ, ამპარტავნებამ არ შეგიპყროს და წარგწყმიდოს“, – ეს მითხრა და სხვა დროს აღარ გაუმეორებია… მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ დღეს ვხედავ ალბათ იმ სიტყვების რაღაც ნაწილს… აცხონოს ღმერთმა მისი წმიდა სული!
– ხომ ვერ გაიხსენებდით იმ დღეს, როცა ოთო ნემსაძემ შემთხვევით მოგისმინათ და გირჩიათ „ნიჭიერში“ მონაწილეობა… ეს, როგორ ფიქრობთ, შემთხვევითობა იყო?

10903987_805849789480233_8941719505189434750_o– ის,რომ ოთო ნემსაძემ მოისმინა სიმღერა, ნამდვილად არ იყო შემთხვევითობა, რადგან როცა ღმერთს განზრახული აქვს ამა თუ იმ პიროვნების საზოგადოების წინაშე წარდგენა, მას ჯერ ამზადებს წლების განმავლობაში… ოთო ნემსაძემდე, „იმედის“ ჟურნალისტი და ქრონიკის წამყვანი დაინტერესდა ჩემით და სიუჟეტის გაკეთება გადაწყვიტა… მაგრამ ამ მოვლენებს იმ დღემ დაასწრო… მე მთელი ცხოვრება ვარ მადლიერი ამ საოცარი გულთბილი, კარგი ქართველის და შესანიშნავი მომღერლისა, ჩემი ცხოვრების მოულოდნელად და უკეთესისაკენ შეცვლისათვის… მის ოჯახშიც გახლდით. ძალიან მოსიყვარულე მშობლები ჰყავს, დღეგრძელობა და სიხარული მის ლამაზ ოჯახს, ძმასაც ვიცნობ და ვეკონტაქტები. და ბოლოს, არსებობს ასეთი სიტყვა „შემთხვევა შემთხვევით არ ხდება“.
– „რაც პოპულარული გავხდი, პირველი გამოსვლის შემდეგ ჩემზე იმხელა მადლი წამოვიდა, რომ მივხვდი, განსაცდელიც იქნებოდა. აქაც ღვთის განგებულება იყო დიდი: მან ინება ჩემი ამგვარი ყოფა იმის გამო, რომ მეორე, მესამე დღეს ძალიან პოპულარული ვიყავი, ადამიანური სისუსტეების გამო შეიძლება, ვერ გადამეტანა. თითქოს შემბოჭა, ლოგინში ჩამაწვინა: აქ გაიარე პოპულარობაომის მერე ლოგინს არ მოვშორებულვარ“…  – ამბობთ ერთ ინტერვიუში, როცა წარმატების შემდეგ ავად გახდით… და მაინც, რატომ მოდის განსაცდელი?
– ჩემი აზრით, განსაცდელი მოდის იმ მიზეზით, რა მიზეზითაც მოევლინა წმ პავლე მოციქულს, როცა სულით ატაცებული იქნა ზეცად და იხილა იქაური სანახები, როცა დაბრუნდა, გვერდში მწარე ქენჯნას გრძნობდა ბოროტი ძალებისგან… და როცა სთხოვა უფალს მისი მოცილება, პასუხად მიიღო: „შენდა კმა არს მადლი ჩემი”. როგორც კი დავდექი ფეხზე და გავედი ხალხში, ერთხელ ისეთი წრე დამარტყეს შუაგულ ქალაქში, რომ მივხვდი, თუ რისგან მიხსნა იმ დღეებში უფალმა… იყავნ ნება შენი, ვამბობთ, მაგრამ იქვე ვამატებთ: „ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“… მაგრამ თუ მაინც მოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის სასარგებლოა ჩვენთვის: ან ხორცისთვის, ან სულისათვის!
– ყველამ ვიხილეთ, როგორ მონუსხა უკრაინელები თქვენმა დიდმა თავმდაბლობამ და ტალანტმა… უკრაინული ჟიური გაოცებული გეკითხებოდათ, ასეთ გამხდარ ადამიანს საიდან გაქვთ ამხელა ენერგიაო… რა არის თქვენთვის მუსიკა?

დავდო– მუსიკა ჩემი სიცოცხლე და სუნთქვაა ღმერთის და მისი ეკლესიის შემდეგ, რადგან მისით, ასე ვთქვათ, იხსნება ჩემი სული და გულისნადებს უზიარებს მსმენელს. სიმღერა და მელოდია  ადამიანთან ჩემი ურთიერთობის საშუალებაა. რაღაცნაირად მომმადლა ღმერთმა, რომ ეკლესიაშიც და სცენაზეც ყურადღებით და სიამოვნებით მისმენს მსმენელი. დიდება მის სახელს, მისით ვარ, რაც ვარ.
– უკრაინულმა ჟიურიმ მუსიკალური შტორმი უწოდა თქვენს გამოსვლას,  ეს იყო გულის სიმღერა, ასეთი არასოდეს მოგვისმენიაო…  და მაინც, რა არის გულის სიმღერა? რას გრძნობდით იმ წუთებში, როცა მღეროდით?
– როცა მე უკრაინაში ვმღეროდი, პირველ რიგში, იმას ვფიქრობდი, რომ საქართველოს სახელით გამოვდიოდი და არ უნდა შემერცხვინა თავი, როგორც ქართველს, ხოლო შემდეგ სიმღერის შინაარსზე, რომელიც კარგად მესმის, სხვათა შორის, და გულით განვიცდი. იმიტომაც ვთქვი, გულით ვიმღერებ-მეთქი. გულის სიმღერა ზუსტად ეს არის, როცა გულით განიცდი შენსავე ნამღერს. ვეთანხმები სიტყვებს: „ჯოჯოხეთის დამტეველი პაწაწინა სამოთხე”.
– თქვენზე ამბობდნენ,  ქართველი კაცი  ჩამოვიდა უკრაინაში, ლაპარაკობს რუსულად, მღერის ინგლისურად,  გულში კი ღმერთი ჰყავსო… თქვენ რას დაუმატებდით ამ ნათქვამს…
– მახსოვს, როქსენის „ტანგო“ რომ დავასრულე, გული ამოვარდნაზე მქონდა. იმ სიმღერით თითქოს განვიწმინდე  სულიერი ბიწისაგან და რომც გავსულიყავი ამქვეყნიდან, არ ვინანებდი, რადგან ჩემი სათქმელი იმ სიმღერით ვთქვი და ასე გულახდილი წარვდგებოდი ჩემს საყვარელ უფალთან. აი რამდენს ნიშნავს ჩემთვის გულის სიმღერა. გმადლობთ ამ კითხვისათვის.
10012580_1012293485502528_5949453415789614886_n– თქვენ ლექსებსაც წერთ…
– ჩემი ერთსტროფიანი ლექსით გიპასუხებთ ამ კითხვაზე: „ყოველ ქართველს მიეც, ღმერთო, ქართველობის ხსოვნა… მარად საქართველო გულში ენთოს, სულს გიფენდეს ფიანდაზად!
ყველაზე მეტად ვლოცულობ წმ. დავით მეფსალმუნის მიმართ… და ერთხელაც, ჩემდა გასაოცრად, წმიდანების ცხოვრება რომ წავიკითხე, რაღაცნაირ რითმებად ჩამომიყალიბდა წაკითხულის შემდეგ ნააზრევი. შემდეგ ჩვევად მექცა ამგვარი რაღაცის დაფიქსირება. შემდეგ ეს ყოველივე გადაიზარდა წმიდანების და ღმრთისმშობლის დაუჯდომელ საგალობლებში. შემდეგ რაღაცნაირად საერო ერთსტროფიანი ლექსებიც ჩამოყალიბდა და ბოლოს, ყველაზე დიდი საოცრება ჩემთვის იყო ის, რომ მიჭირს თქმა, მაგრამ თვით სახარება მიყალიბდებოდა რითმებად. ნაწილი მაქვს ჯერ და დავარქვი „ამბავი კეთილი“. მსურველს შეუძლია იხილოს ჩემს ჩანაწერებში.
ქრისტეს მოსვლის, განკაცების, ჯვარცმისა და აღდგომისა ამაღლების, სულთფენობის, მოციქულთა ამბორისა ტკივილი და სიხარული, გამორჩევა ამ მოდგმისა მოვისმინოთ იოვანეს მათეს, ლუკას, მარკოზისა…
ასე ვარ მისული იქამდე, ქრისტე რომ განკურნავს კეთროვანს.
11954732_917455038319707_1132350211290177117_n– როგორც მორწმუნე ადამიანი, სიმღერებს რა პრინციპით ირჩევთ? თავიდან ჯო კოკერის my fathers’s son შეასრულეთ და სიმღერა საფრანგეთში მცხოვრებ შვილს მიუძღვენით. შემდეგ, უკრაინული ნიჭიერის ფინალში კი ლეონარდ კოენის Hallelujah იმღერეთ?
– სიმღერას უნდა ჰქონდეს სრული ნაწარმოების სახე და რაღაცის მთქმელი უნდა იყოს და არა გასართობი. მონოტონურად განმეორებადი ფრაზების შემცველ სიმღერებს ვერიდები. მინდა, რომ ჩემი სცენაზე გასვლა ყოველთვის საინტერესო  და აზრიანი იყოს. ამიტომ, როგორც ერისკაცმა ავირჩიე პირველი, ხოლო როგორც მედავითნემ – მეორე სიმღერა.
– ანა ლაშხელი-ონიანის მოთხრობის „მეეზოვე“ მიხედვით რეჟისორებმა ანდრო წიკლაურმა  და დავით ყურაშიძემ ფილმი გადაიღეს თქვენზე, სადაც მეეზოვის როლში ხართ…
თქვენ უამრავი კომენტარი დაგიწერეს ფეისბუქზე, რომ საქართველოს მომავალი სწორედ აქედან, მისი დასუფთავებიდან იწყება… მართლა მუშაობთ მეეზოვედ?
 ბავშვობაში მეთევზეობა გინდოდათ?

14086316_563900110487506_8089864896016369057_o– ერთ მშვენიერ დღეს დამირეკეს და ჩემთან ოჯახში მოვიდნენ ბ-ნი დათო და ბ-ნი ანდრო; შემთავაზეს ფილმში მონაწილეობის მიღება. წარმომიდგინეს სცენარი უბრალო და სუფთა გულის მეეზოვეზე,რომელიც აღწერდა თავისი ცხოვრების ერთ დღეს. ავტორი გახლავთ ანა ლაშხელი-ონიანი. ასე რომ, მეთევზეობა ლაშხელის სიტყვაა და არა ჩემი. ხოლო აი მსახიობად რომელიმე ფილმში რომ მიმეღო მონაწილეობა,ნამდვილად მქონდა ოცნებად გადაქცეული, რადგან, როგორც მიყვებიან, მშვენივრად გამომდიოდა იმიტაციები ჩემთვის საყვარელი მსახიობების საყოველთაოდ ცნობილი ტრაგედიული თუ კომედიური ფრაზებისა. სიხარულით დავეთანხმე. სცენარით შუა ქალაქში გამოვედი მეეზოვის ფორმით და ვზივარ მაღაზიასთან. იქ – ჩემთან მოდის  ერთი კაცი და მეუბნება: „ძიაკაცო, რა გაგიჭირდა ისეთი, რომ მეეზოვედ დაგიწყია მუშაობა?“… მე ჩავფიქრდი, ნუთუ უნდა გიჭირდეს მარტო და არ უნდა გაინტერესებდეს შენივე ქალაქის სისუფთავე? ვისაც არ უყვარს სისუფთავე, მას სულის ბიწიერება არასოდეს შეაწუხებს.
მახსოვს, პირველად რომ ეკლესიაში შევდგი ფეხი, ყოველ კვირა ხომ ისედაც ვაბარებდი აღსარებას და, ამასთანავე, როგორც შევცოდავდი, სადმე ოღონდაც ახლოს მოძღვარი ყოფილიყო, მაშინვე ვიტყოდი და გულიდან ვიხსნიდი სიმძიმეს, და, სხვათა შორის,  დავინტერესდი კიდეც მეეზოვის მუშაობით. გადასაღებად ძალიან ადრე წამიყვანეს და ვფიქრობდი, რა სუფთა ჰაერს სუნთქავს მეეზოვე და რა კეთილ საქმეს აკეთებს… მეეზოვეთა უფროსს გამოვკითხე პირობები… შემდეგ როცა იუთუბიზე ასეთი სათაურით დაიდო ეს ფილმი: „გოჩა ჭაბუკაიძე მეეზოვე გახდა”, ამ სამმა ფაქტორმა უკვე ეჭვი აღარ გამოიწვია იმის შესახებ, რომ მე მეეზოვე გავხდი… იწყეს ამგვარი კომენტარები, რომ „ჩვენც მაინც გვიყვარხარ“, რომ ვკითხულობდი, ცრემლი მადგებოდა თვალზე, რა დონემდე შემიყვარა ქართველმა ხალხმა… ერთმა ისიც მითხრა პირისპირ შეხვედრისას:  „ვიცი, მეეზოვე გახდი, მაგრამ სიმღერისათვის ხომ არ გაგინებებია თავიო“?  არ მიმართლებია თავი და მხოლოდ დავამშვიდე, რომ მე ისევ ვმღერი…
10003433_984905471588342_3480580511197703065_nროგორც სულის განწმედა-დასუფთავება არის მისი ცხონების აუცილებელი პირობა, ასევე საქართველოს დასუფთავებით და ამ სისუფთავის მაქსიმალურად შენარჩუნებით დაიწყება მისი გადარჩენა და სამშვიდობო გზაზე გასვლა, მაგრამ მარტო ქუჩების კი არა, აქ კანონების სისუფთავეზეც ვამბობ. როცა კანონი ყველასთვის იკანონებს და დაცული იქნება მიუკერძოებლად, მაშინ გათავისუფლდება საქართველო იმ ხილული და უხილავი ბორკილებისაგან, რომლის ტყვეობაშიც იგი დღეს იმყოფება!
მეეზოვედ არ ვმუშაობ, მაგრამ მთელი სულით და გულით თანავუგრძნობ მათ და რომც ვმუშაობდე ამ საქმეზე, არასოდეს შემრცხვებოდა და ვითაკილებდი ჩემს, როგორც სცენარის ავტორი ამბობს, „ფორთოხლისფერ სამოსელს”, რომელიც, სხვათა შორის, ექსპონატად მაქვს შენახული და „ბინძურ ცოცხს”, რომელიც ადამიანთა კეთილდღეობას მოემსახურებოდა.
– პოეტებთან ერთად სიმღერით მოიარეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი… რა მოგცათ ამ შეხვედრებმა და ყველაზე მეტად რომელი შეხვედრა დაგამახსოვრდათ?
12321409_1009894155742461_6101531963062736241_n
– ორი კარგი და ნიჭიერი ადამიანის, ლიკა ჭელიძის და ლაშა ბიბიჩაძის ორგანიზებით, კონცერტებით მოვიარე ნახევარი საქართველო.  ნამდვილად საინტერესო იყო. საოცარი სიყვარულით და პატივისცემით მხვდებოდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე გზადაგზა გაცნობილი ადამიანები და საზოგადო მოღვაწეები. ყველაფერმა კარგად და კეთილად ჩაიარა, მაგრამ, სამწუხაროდ, სპონსორის არარსებობის მიზეზით იძულებული გავხდი, მე თვითონ მეთქვა უარი კონცერტების გაგრძელებაზე. ყველაზე კონცერტი ორიგინალურობით გამოირჩეოდა, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემს მშობლიურ კუთხეში, სოფელ ალვანში, დედულეთში – ყვარელში და მშობლიურ ქალაქ რუსთავში ჩატარებული კონცერტები, როგორც ძალიან საპასუხისმგებლო, და ბოლოს, სასიხარულო, რადგან წარმატებით ჩაიარა სამივემ.
– რატომ მღერით ხშირად ინგლისურ სიმღერებს?
– განსაკუთრებით გიხდით მადლობას ამ შეკითხვისათვის, რადგან ეს უმრავლესობას აინტერესებს და, ვფიქრობ, დღეს მაქვს საშუალება, საფუძვლიანად  გავცე პასუხი. ვიდრე მარტო ვმუშაობდი რესტორანში, ქართულიც, რუსულიც და უცხოური რეპერტუარი ჩემი შესასრულებელი იყო, მაგრამ როცა გავერთიანდი ჯგუფში, იქ მხოლოდ კლავიშის ფუნქცია და უცხოური რეპერტუარი დამეკისრა, რადგან ასე გადანაწილდა ჯგუფისათვის.
10848786_820430868022125_4517410524812800173_oეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში და მეც უფრო მეტად სულ უცხოურ რეპერტუართან მიხდებოდა ურთიერთობა. რაღაცნაირად შევითვისე და ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად, ორიგინალური სახით მიმეწოდებინა მსმენელისათვის… მაგრამ ჩემთვის სახლში ვაგრძელებდი ქართული რეპერტუარის გაღრმავებას. და დღეს, როცა სხვადასხვა რესტორანში მთხოვენ ქართულ სიმღერას და ვერ ვასრულებ, ეს იმიტომ, რომ ადგილობრივ ხელმძღვანელობას უცხოური რეპერტუარისთვის ვყავარ მიწვეული. გარდა ამისა, პატივს ვცემ ადგილობრივ მუსიკოსებს და არ მსურს მათ ფუნქციაში შეჭრა… თუ ოფიციალურად მარტო ვარ მისული, ყველამ კარგად იცის, რომ ყველანაირი რეპერტუარის შესრულება შემიძლია. ამ ბოლო დროს ორი ქართველი პოეტის ლექსზე დაწერილმა ჩემმა ქართულმა სიმღერებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ჩაწერის და განხორციელების სახსარი არ არსებობს ამისთვის. ეს არის  ჩემი სრულყოფილი პასუხი.
– თქვენს ოჯახზე, მეუღლეზე, შვილებზე გვიამბეთ… როგორ დაოჯახდით…
– მე და რუსუდანმა ერთმანეთი რუსთავში გავიცანით. ჩემს დასთან ერთად მუშაობდა. მშვენიერი ქალბატონი, კარგი დედა, პროფესიით ფილოლოგია  ჩემი მეუღლე. ის ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი და მფარველი ანგელოზია. მოგეხსენებათ, უამრავი თაყვანისმცემლებიდან უმრავლესობა მანდილოსნები არიან, მიწერ-მოწერა გვაქვს,მმაგრამ ამას ყოველივეს ზომიერი სიმშვიდით აღიქვამს, რადგან ნდობა და პატივისცემა აქვს ჩემი. მეც მაქსიმალურად ვცდილობ, არ გავაღიზიანო და პასუხებს ადრესატებს მხოლოდ განმარტოვებისას ვუბრუნებ. ბევრმა განსაცდელმა გადაიარა ჩვენს თავზე, რადგან ქრისტიანულად ცხოვრების მცდელობა უამრავ სირთულეს იწვევს ოჯახში.
1465824_615740005129396_1924830232_oმიჩინა ორი ასული. უფროსს თამარი, ხოლო უმცროსს ქეთევანი დავარქვით. ორივე ისეთი გამიზარდა, ნამდვილად ვამაყობ მათი როგორც ნიჭიერებით, ასევე წესიერებით და ეს ყოველივე ჩემი რუსუდანის დიდი დამსახურებაა. თამარი ქორეოგრაფი და მსახიობია, ხოლო ქეთევანი – პიანისტი. სიყვარულით გამითხოვდა უფროსი შვილი საფრანგეთში და დღეს 2 წლის პატარა ელენეც გვიხარებს გულებს. თამარს მიეძღვნა პროექტში ნამღერი სიმღერა. დღეს ის წარმატებული სრულყოფილი პიროვნებაა მშვენიერებასთან ერთად.
რაც შეეხება ქეთევანს, რამდენიმე საფორტეპიანო კონცერტი აქვს ჩატარებული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით კონსერვატორიის დარბაზებში.  გრან- პრის მფლობელია ვალერიან შიუკაშვილის სახელობის კონკურსისა. სულ ეს არის ჩემი პატარა, მაგრამ საყვარელი ოჯახი, რომელსაც ასე მუხლჩაუხრელად ვუძღვებით მე და ჩემი გულის მესაიდუმლე.
– რას ფიქრობთ დღევანდელ საქართველოზე, მის მომავალზე? რამდენად მორწმუნე ერია ქართველობა?
– სულითა მშვიდი და ხორცით მრთელი მიმყოფე, ღმერთო, ქართველი ერი.
ასეთი საქართველო წარმომიდგენია მომავალში და ღმერთმა კეთილი ყურით მისმინოს. ჯვარცმის გზას გადის დღეს, მაგრამ აღდგომა და ამაღლება ქართველ ერს აუცილებლად ელოდება, იმ მრავალრიცხოვანი მრევლის ლოცვით, რომელსაც ღმრთაებრივი სიბრძნით წინ მიუძღვის ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქი. სწორედ მისი დამსახურებაა ერის სულიერი წინსვლა და ზრდა. ნამდვილად მორწმუნე მრევლის ლოცვით გადარჩება და გაბრწყინდება საქართველო!

10341995_968383559893521_2242436374743813791_n– გოჩა ჭაბუკაიძის ერთი ჩვეულებრივი დღე… რა არის თქვენი ჰობი?
– ჩემი ერთი დღე ზუსტად ჩემს ჰობს უკავშირდება – რელიგია და მუსიკა. დილის ლოცვითი კანონის შემდეგ ვზივარ კომპიუტერთან სამსახურში წასვლამდე. პირველ რიგში, დღის მადლს ვუზიარებ ჩემს მეგობრებს საუკეთესო სურვილებით. ვწერ აუდიოჩანაწერებს – როგორც საეროს, ასევე სასულიეროს. შემდეგ ვაქვეყნებ ამ ჩანაწერებს. ვნახავ იმდღევანდელ იუბილარებს, აუცილებლად აბსოლუტურად ყველას მივულოცავ. ასე, ამგვარად ვეცნობი ყველა მეგობარს. ეს საქმიანობა მიგრძელდება იქამდე, სანამ ავივსები როგორც ხორციელი, ასევე სულიერი ინფორმაციით. შემდეგ ვრთავ ჰიტებს და ამ ფონზე მიყვარს შაშის თამაში. თუ რომელიმე სიმღერა ძალიან გამიჯდება გონებაში, ტექსტსაც ვსწავლობ. მიყვარს მელოდრამებისა და აზრიანი სერიალის ყურება. ბუნებრივია –  ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობა და ძილისწინა ლოცვა.
– თქვენი სამომავლო გეგმები?
– ჩემი სამომავლო გეგმები ისევე არ ვიცი, როგორც არ ვიცოდი  პროექტში ჩემს  მონაწილეობამდე. ეს ღმრთის ხელშია. საერთოდ კი, კურთხევა ასეთი მაქვს: როცა ოჯახი ჩემზე დამოკიდებული აღარ იქნება, მშვიდად მივაშურო მონასტერს და ვილოცო მათთვის და სრულიად საქართველოსთვის. ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რადგან რაც უფრო სულიერებისკენ იწევს ადამიანი, მით უფრო მეტად კარგავს აზრს მის ერში ყოფნას… მაგრამ ვნახოთ, ესეც ღმრთის ხელშია.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები