“დარწმუნებული ვარ, “თავისუფალი ზონის” წევრების მსგავსად, “ნაცმოძრაობას” კიდევ ბევრი გაემიჯნება”

“თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის ბესო კალანდაძის მიერ “კვირას“ პრესკლუბში გაკეთებულ განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი აფასებს.
როგორც სესიაშვილმა “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, დღევანდელი განცხადება კიდევ ერთი დასტურია, იმისა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილი ამოძრავებს.
სესიაშვილის თქმით, ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს და არეულობის მოწყობის ყოველგვარ მცდელობას ადეკვატური პასუხი გაეცემა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ “თავისუფალი ზონის“ წევრების მსგავსად, “ნაციონალური მოძრაობას“ სხვა მომხრეებიც დატოვებენ.
“ნაციონალური მოძრაობა“, რომ გაკოტრებული პოლიტიკურ ძალაა ეს ყველამ კარგად იცის, სამწუხაროდ მათი მხარდამჭერების ერთგვარი მოტყუება მიმდინარეობს. “ნაციონალებმა“ იციან, რომ ისინი არჩევნებზე განიცდიან სრულ კრახს და მათი ამოცანაა, შექმნან ფონი, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და ქვეყანაში მოაწყონ დესტაბილიზაცია. როდესაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთხმად აცხადებს, რომ მშვიდი, თავისუფალი, სამართლიანი საარჩევნო გარემო, იან კელი ამბობს, რომ მას სურს, ისეთი საარჩევნო გარემო იყოს შეერთებულ შტატებში, როგორც ეს საქართველოშია – ამ ფონზე “ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით და მათთან ასოცირებულ პოლიტიკურ ძალებს არ დარჩენიათ სხვა გზა, გარდა არეულობის მოწყობის მცდელობისა.
ჩვენ მათ დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას არ მივცემთ, ჩვენ ვიცით ვინ რა ტიპის დავალებებს გადის ამისთვის, სახელმწიფო ამაზე მოახდენს, ადეკვატურ, მშვიდ რეაქციას, იმიტომ, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის, თავის დროზე გავაკეთე განცხადება, რომ არიან ამ არეულობის მოწყობის მოთავეები, რომლებსაც ეშმაკი ჰყავთ შეჩენილი – მხოლოდ არეულობის მოწყობაზე ფიქრობენ და არიან ადამიანები განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ამ პროცესს მიყვებიან. ჩვენი პრემიერ-მინისტრის მაშინდელი განცხადება იყო პრევენციული, რათა ყველას გაეგო, რომ ამ გეგმის შესახებ ვიცოდით და ამის სწორი გამოძახილია დღეს ახალგაზრდების მიერ გაკეთებული განცხადება. ეს ახალგაზრდები გონს მოეგნენ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი მოეგება გონს, რადგან ყველა ხვდება, რომ ეს არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე ამ დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას არ აპირებენ. დარწმუნებული ვარ, რომ “თავისუფალი ზონის“ წევრების მსგავსად “ნაცმოძრაობის“ სხვა ადამიანებიც გაემიჯნებიან იმიტომ, რომ არეულობის მოწყობა არ არის ამ ახალგაზრდების სურვილი, შეიძლება მათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ, მაგრამ არამც და არამც ისინი ქვეყნის წინააღმდეგ არ წავლენ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

“მე შევხვდი რამდენიმე დღის წინ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენი ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ სჭირდება არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოსაწყობად”, – ეს განცხადება „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე „თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილმა წევრმა ბესო კალაძემ გააკეთა.

ორგანიზაციის გლდანის რაიონული განყოფილების წევრები „თავისუფალ ზონას“ ტოვებენ, მათი გაცხადებით, საქართველოში შეიქმნა ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომელსაც უშუალოდ აქვს დავალებული არჩევნების შემდეგ ხალხის ქუჩაში გაყვანა და დესტაბილიზაციის მოწყობა.

“მიხეილ სააკაშვილს შევთავაზე არჩევნებში ჩვენი რესურსის გამოყენება, ჩვენ ვიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები 2012 წლიდან, მაგრამ ამ ორგანიზაციამ უკვე პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა და არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ქაოსის შემოტანას აპირებს, რაშიც ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას”, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში ბესო კალაძემ „თავისუფალი ზონის“ წევრებთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები