“ნორა კვიციანი 7 წლიან სასჯელს უკანონოდ იხდიდა” – რა წერია სკანდალურ დოკუმენტში

“ნორა კვიციანის საქმე გახსნილია” – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი” სკანდალურ მტკიცებულებაზე დაყრდნობით აქვეყნებს.
გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც ადასტურებს, რომ თითქმის 7 წლის განმავლობაში ნორა კვიციანი სასჯელს უკანონოდ იხდიდა.
სკანდალური დოკუმენტი აღრიცხვის რვეულია, სადაც დეტალურად არის გაწერილი დახმარების ოდენობა, მიმღები ოჯახების ხელმოწერები და პირადობის მოწმობის ნომრები. კვიციანის ადვოკატები თავის დროზე დაჟინებით ითხოვდნენ ამ მტკიცებულების საქმეზე დართვას, თუმცა ის საგამოძიებო ორგანომ დამალა და როგორც ჩანს, დღის სინათლეს რამდენიმე დღეში იხილავს. გამოცემის მტკიცებით, აღრიცხვის რვეულით დასტურდება, რომ კვიციანს ჰუმანიტარული დახმარება არ მიუთვისებია. როგორც „პრაიმტაიმი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, კვიციანის რეაბილიტაციისთვის უკვე ყველა მტკიცებულება არსებობს და მალე პროკურატურას, საქმის გადახედვის მიზნით, სასამართლოს მიმართავს. კვიციანის მძევლად აყვანის ბრალდებით კი რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს.
კვიციანს შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და იარაღის უკანონო შენახვის გარდა, სოფლის მოსახლეობისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების მითვისებასაც ედავებოდნენ.
წინა ხელისუფლების პროკურატურამ ყველა მტკიცებულება გააქრო, მათ შორის აღრიცხვის რვეული, რომელსაც „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანომ ორი თვის წინ მიაგნო და საქმეზე ხელახალი გამოძიება განაახლა.
რაც შეეხება კვიციანის მიმართ უკანონო ბანდფორმირების შექმნას, ეს ბრალდება ძირითადად მოწმეთა ჩვენებებზე იყო აგებული.
როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, დღეს მოწმეებმა პროკურატურას გაუმხილეს, რომ მათი დაკითხვა მძიმე ზეწოლის შედეგად მიმდინარეობდა და მათ მხოლოდ გამომძიებლის მიერ დაწერილ ჩვენებებს მოაწერეს ხელი. უფრო მეტიც, რამდენიმე მათგანმა 2007 წელს მიმდინარე სასამართლო პროცესზე ეს ფაქტი აღიარა, თუმცა ჩვენების შეცვლის ბრალდებით თავად აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე, რის გამოც იძულებულნი გახდნენ კვლავ ძველ ჩვენებას დაბრუნებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები