ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი დაბალტარიფიანი რეისები შესრულდება

ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“  7 ახალი რეისის შესრულება დაიწყო. ბერლინი, დორტმუნდი, მიუნხენი, ლარნაკა,  მილანი, სოფია  და სალონიკი – ეს ის ქალაქებია, სადაც დაბალი ტარიფით „ვიზეარი“ დამატებით რეისებს განახორციელებს.
ავიაკომპანია ასევე თავის მგზავრებს სთავაზობს 70 სხვადასხვა მიმართულებას ბუდაპეშტის, კატოვიცეს, სოფიას, ვილნიუსის და ვარშავას ბაზებიდან,  რაც ქართველ მომხმარებელს საშუალებას აძლევს  იმოგზაუროს მთელს ევროპაში „ვიზეარის“ ყველაზე დაბალი ფასებით.

„მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ქუთაისის და ზოგადად, მთელი საქართველოს მაცხოვრებლებს ქუთაისიდან ევროპისკენ კიდევ შვიდი ახალი ავიამიმართულება გახსნა. ახალი ავიამიმართულებების ჩათვლით, „ვიზეარი“ თავის მომხმარებელს უკვე 11 ავიამიმართულებას სთავაზობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რაც   კიდევ უფრო აუმჯობესებს ჩვენს კავშირს ევროპასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ მიმართულებებთან ერთად  „ვიზეარი“საქართველოში ხსნის  ასევე თავის 25-ე ბაზას – ახალი, Airbus A320 ტიპის თვითმფრინავი განთავსდება ქუთაისის აეროპორტში, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლები და ტექნიკური პერსონალი,  რომლებიც თვითმფრინავის მომსახურებას ესაჭიროება, ბაზირებულნი იქნებიან ქუთაისში“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ვიზეარის“ პირველი ავიარეისი ქუთაისიდან 2012 წელს შესრულდა და მას შემდეგ საქართველოს მიმართულებაზე 600,000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა ავიაკომპანიის მომსახურებით. „ვიზეარის“ ოპერირების დაწყებამ არამარტო ევროპასა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის გამარტივებას, არამედ ადგილობრივი ბაზრის საავიაციო და ტურისტულ სფეროებში დასაქმებას შეუწყო ხელი. 2015 წელს „ვიზეარმა“ ქუთაისის აეროპორტში  125 000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები