რომანი მუსიკასთან, რომელიც… დღემდე გრძელდება!

ქუთაისში დაიბადა. მუსიკის სიყვარულიც აქედანვე  დაიწყო, თუმცა კონსერვატორიაში გვიან ჩააბარა. მოსკოვის ასპირანტურა დირიჟორის განხრით დაამთავრა. ჯერ სახელმწიფო ორკესტრ „რეროში“ მუშაობდა, მერე ანსამბლი „ფაზისი“ ჩამოაყალიბა,  ბოლოს არჩევანი „ივერიაზე“ შეჩერდა. ამ პერიოდში უამრავი სიმღერა შექმნა. მრავალი კურიოზიც გადახდენია თავს… და მაინც, მუშაობის პროცესი მისთვის უმთავრესია, თავდავიწყებამდე მიდის და ბედნიერებას ანიჭებს.
ბორის შხიანის პერსონა.

14398044_1248147028581714_4755470_n

– გავიზარდე სამხედროს ოჯახში. მამაჩემი გიორგი ხან სად მსახურობდა, ხან – სად. დედა თამარი სულ თან დაყვებოდა ქმარს, უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ.  ჩემი გამზრდელი და ყველაზე ახლო ადამიანი  ჩემი ბებია – ვერა ლორთქიფანიძე იყო. ასე რომ, ქუთაისის, ოჯახის, მეგობრის თუ ქალისადმი პატივისცემა – ყველაფერი მისი – ჩემი გვაროვანი, ჭკვიანი და სტუმართმოყვარე  ბებიის დამსახურებაა.
საიდან დაიწყო მუსიკის სიყვარული?
– 13 წლამდე არანაირი შეხება არ მქონდა მუსიკასთან, დაბადების დღეზე მამამ აკორდეონი მიყიდა (უკეთესი რამ, ალბათ ვერ მოიფიქრა). უნდა გენახათ მისი გაოცებული თვალები, როცა მე  აკორდეონი გავწელე და სამხედრო მარშების და ვალსების დაკვრა დავიწყე (სახლში სულ ეგ მესმოდა, მამა ხომ პოლკის მეთაური იყო).
– როდის ისწავლეო, – ვინ გასწავლაო?  მალე სახელიც გამივარდა -„ყველაფერს უკრავსო“, ჰოდა, მიმიწვიეს  კულტურის სახლში „ტანცებზე,“ დამკვრელად. ხან  ვალსებს მაკვრევინებდნენ, ხან  ქართულებს, ხან „ბითლზებს“,  მერე კი შეუმჩნევლად შემომემატა აკუსტიკური გიტარის დამკვრელი, მერე კონტრაბასი, საყვირი, მერე ,,ჩოთქებიანი“ ბარაბნები და ბოლოს, შოკი – საქსოფონი!  თან უნდა უხელმძღვანელოო. ძალაუნებურად, მომიწია ნოტების შესწავლა.
აი, ნამდვილად აქედან დაიწყო  მუსიკის სიყვარული, და ეს რომანი დღემდე გრძელდება!
– როდის გადაწყვიტეთ კონსერვატორიაში ჩაბარება?
14442605_1248144691915281_1858198527_n– საკმაოდ გვიან. 32 წლის ასაკში მივხვდი, რომ ნიჭიერი  კი ვიყავი, მაგრამ თუ არ შევისწავლიდი სონატურ ალეგროს, ბასო ოსტინატოს და ა.შ., დავრჩებოდი ქრონიკულად ნიჭიერი.  გაიხსენეთ კონსერვატორიაში სწავლის პერიოდი? რა დაგამახსოვრდათ?
– დამამახსოვრდა ჩემი კურსი, სულ ოთხნი ვიყავით.  17 წლის სამი  გოგონა – მანანა არაბიძე, სილვა სარქისიანი, ნინო ჯანჯღავა და მე!  ბორია ბიძიას მეძახდა ეს ტრიო.  რა კომპოზიტორებთან მქონდა ურთიერთობა! სულხან ცინცაძე! შოთა მილორავა! სულხან ნასიძე! ალექსი მაჭავარიანი! ბიძინა კვერნაძე! ალექსანდრე შავერზაშვილი! რა მოგონებები! ეს კიდევ ცალკე  თემაა.
– რამ დატოვა თქვენში ყველაზე ღრმა კვალი, როგორც პროფესიონალად ჩამოყალიბებაში
– ყველა ზემოთ  ჩამოთვლილთან ერთად დიდი გავლენა მოახდინა  (და არა მარტო ჩემზე) ბრწყინვალე მუსიკათმცოდნე ლია დოლიძემ. ამავდროულად, ვმუშაობდი  სახელმწიფო  ორკესტრ „რეროში“ დირიჟორად, მქონდა მჭიდრო  კონტაქტი  უდიდეს მუსიკოს და კომპოზიტორ კონსტანტინე პევზნერთან, რომლის რეკომენდაციით გავემგზავრე  მოსკოვის ასპირანტურაში,  დირიჟორის განხრით. იქ მოვხვდი მარკ ერმლერის ჯგუფში. იმ დროს ბატონი ერმლერი მსოფლიოს უდიდეს დირიჟორთა ხუთეულში სახელდებოდა.
ასპირანტურის დასრულების შემდგომ გამანაწილეს დირიჟორად  ლენინგრადის  საკონცერტო  ორკესტრში, რომელიც   საუკეთესოდ ითვლებოდა მთელ ყოფილ  საბჭოთა კავშირში. ხელმძღვანელი იყო ანატოლი ბადხენი. „ველიკი ბადხენ“ – მხოლოდ ასე მოიხსენიებდნენ მას. ამ პერიოდში ძალიან ბევრ გამოჩენილ რუს, ფრანგ, გერმანელ, ბულგარელ კომპოზიტორებთან მქონდა ნაყოფიერი შემოქმედებითი ურთიერთობა.
– 1968 წელს დაიბადა ანსამბლი ივერია, ასე ვთქვათ, მუსიკალური მოვლენა საბჭოთა კავშირში, საინტერესო მუსიკალური პერფორმანსებითთქვენ მაშინ 18 წლის იყავით. სამაგიეროდ,ივერიის“ 13-წლიან ალბომში თქვენი სიმღერები გამორჩეულიაროგორ მიხვედითივერიაში“?
14302755_1248144921915258_421169282_n –  იმ დროს მე, როგორც ლეგენდარული ანსამბლ „ფაზისის“ შემქმნელს, უკვე მიცნობდა მუსიკალური სამყარო საქართველოშიც და მის გარეთაც. როდესაც კარიერისტ პარტიულ მოხელეთა „დახმარებით“ ჩემი ანსამბლი დაიშალა,  რამდენიმე წელი  უმუშევარი ვიყავი, თუმცა შემოთავაზებები უხვად მქონდა. ბოლოს არჩევანი „ივერიაზე“ შევაჩერე და იცით, რატომ?  რა მომეწონა? – ცხოვრებაში განათლებულები და უბრალოები,  სცენაზე კი ნამდვილი არტისტები იყვნენ!
როგორ იწერებოდა სიმღერებიივერიისთვის“?
– თქვენ ახსენეთ ალბომი „13 წელი“. მთავარი სიმღერა და კიდევ ერთი -„თბილისობა“  შექმნა ბუთხუზმა და მთხოვა – „აბა, შენ იცი, ბორია, დანარჩენი პროგრამა შეავსე, როგორც გინდოდეს“. მართლაც, ბევრი სიმღერა შევქმენი მაშინ… განსაკუთრებით  უნდა გამოიყოს სიმღერა – „გედი“  მორის ფოცხიშვილის ლექსზე. ამ სიმღერამ ყველა კონკურსზე, სადაც კი შესრულდა  (მ. თოდაძე),  გამარჯვება მოიპოვა.  ეს იყო მუსიკის, პოეზიის და უმაღლესი ვოკალის შერწყმა. 1984 წელს „გედი“  ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში საუკეთესო ნაწარმოებად დასახელდა.
 როგორც შემოქმედს, რა მოგცათ ამ წლებმა?
– გამოცდილება და მოგონებები, იმდენად უხვი და საინტერესო, რომ ამ ყველაფრის დაწერის იდეაც კი მწიფდება ჩემში.
რას გაიხსენებდით ამ წლებიდან?
14397867_1248146365248447_1314263159_n– „ჩხიკვთა ქორწილი“ გვაქვს ბათუმში. ამ დღეს ჩვენს ზაქარას (დათო აბულაძეს) ნანატრი ვაჟკაცი, დათუჩა შეეძინა. დიდი სიხარულისგან ვერ მოზომა და… რა არ ვქენით, სპექტაკლისთვის ვერ გამოვაფხიზლეთ. მალევე მივიღეთ ცნობა,  ქეთევანის მამას – თომას  (ჯემალ ბაღაშვილი) მაღალი სიცხე აქვს,  ნემსი გაუკეთეს და მასაც გათიშულს სძინავსო. „ბორია“, – მორიდებულად დაიწყო ბუთხუზმა,- სხვა გზა არ არის, შენ უნდა იყო დღეს ზაქარაც და თომაც. „კი, მაგრამ…“- ვცადე პროტესტი.
„ბორია, ტი ჟე პროფესიონალ!“- მომეფერა ბუთხუზა და განმაიარაღა თავისი „ფირმენი“ ღიმილით. გგონიათ,  სულ ეს იყო?  იმავე დილით ჩვენმა ყვავმა (გოჩა ლორია) მოიარა მთელი გურია, მოინახულა ახლობლები და საღამოსკენ, ბათუმში რომ ბრუნდებოდა, ავარია მოუხდა და საავადმყოფოში  ამოყო თავი. ამის შესახებ  კონცერტამდე 5 წუთით ადრე შევიტყვეთ. ისევ დამადგა თავზე ბუთხუზა – „ბორია, –  მორიდებით დაიწყო… „რატომ მე?  მომღერლები არავინა გყავს?“   – ,,ვინ ვამღერო, წიკლაური?- არწივი ხომ არ  იმღერებს ყვავის სიმღერას?!“- გაგიჟდა ბუთხუზი.
„აბა, მე რომელი ტომ ჯონსი მნახეთ,  ლორიას მერე გავბედო ხმის ამოღება?“  საქმე ისაა, რომ ეს ჩვენი „შუმახერი“ გოჩა ლორია იყო და  არის ლამაზი ხმის პატრონი, დიდებული მომღერალი. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში უარყოფით პერსონაჟს – ყვავს თამაშობდა, იმდენად კარგად მღეროდა, რომ მაყურებელი მაინც თანაუგრძნობდა და ცრემლიანი თვალით, ოვაციებით აცილებდა მის ყველა გამოსვლას!
14442619_1248144885248595_1517719099_nფიქრის დრო აღარ იყო.  „ბუთხუზ, კონიაკი მჭირდება, ან არაყი“. ბუთხუზამ ყოჩაღი „ფოკუსნიკივით“, საიდანღაც გააჩინა ლამაზ ჭურჭელში ალკოჰოლური სასმელი, ჩამომისხა ღვინის ჭიქაში, გამომიწოდა და გამიმეორა -„ტი ჟე პროფესიონალ!“ რაც სცენაზე ხდებოდა, ეს იყო საოცრება: ხან გიტარით ვუმღეროდი ქეთევანს  – „ანგელოზად მოხვალ, როცა ღამდება…“,  ხან თომას მაგივრად ვასავსავებდი ხელებს: – არ გავატან  გაღლეტილ ზაქარას ქეთევანს-მეთქი. ბოლოსკენ ყვავის სიმღერის დროც დადგა, სასმელმაც გაჭრა და რაღაცნაირად ვიმღერე, გამიკვირდა, ისე თბილად მიიღო მაყურებელმა და შეგულიანებულმა მეორე არია – „ყვავი რომ ვარ, შავი რომ ვარ“- უფრო თამამად დავჭექე…
ეს კონცერტი შემდეგში ხშირად მესიზმრებოდა, როგორც კოშმარი. ბოლოს მივხვდი: იმდენად უყვარდა მაყურებელს ანსამბლი „ივერია“, კი ხვდებოდნენ, რაღაც შარში რომ ვიყავით,  მაგრამ ორმაგად გულმოდგინედ გვიკრავდნენ ტაშს.
და რაც მთავარია, სპექტაკლის შემდეგ, თვით თემურ წიკლაურის ათას კაცში გამორჩეული ხმა მომესმა: „შენა, ბიჭო ბორია, რა მეტალი გქონია ხმაში, ა?!“- დღემდე მკლავს კითხვა, – კომპლიმენტი იყო ეს თუ?..
– საქართველომ უმძიმესი პერიოდები გაიარაომები, გაჭირვებათქვენ როგორ გადაიტანეთ ეს წლები?
– რთულად, როგორც ყველამ.  ერთი კარგი რამე კი მოვიფიქრე მაშინ, გავხსენი საბავშვო თეატრი-სტუდია – „პრესტიჟი“, დავდგით სპექტაკლი „ბურატინოს თავგადასავალი“, რომელმაც წარმატებით მოიარა მთელი საქართველო. ესპანეთიდან კი (სანტა პოლა) გრან-პრიც ჩამოვიტანეთ. ამადროულად, წამოვიწყეთ თანამედროვე ახალი ქართული სიმღერის კონკურსი  „პრესტიჟ-შოუ“, სადაც პირველად გამოჩნდნენ დღეს უკვე  ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები.
14453932_1248147175248366_1192067933_oმაშინდელმა, პრაქტიკულად ერთადერთმა პირველმა არხმა ბოლომდე ვერ გაგვიწია პარტნიორობა და პროექტი ვეღარ გაგრძელდა. ასეთი ტიპის კონკურსი (ანუ ახალი ქართული სიმღერა) ახლაც აქტუალური იქნება იმ ფონზე, როცა ქართული ესტრადა წალეკა გადამღერებულმა უცხოურმა სიმღერებმა,  უკეთეს შემთხვევაში – ჩოხებში გამოწყობილი ახალგაზრდები გვთავაზობენ  კარგად ნაცნობ მთის ჰანგებს,   თანამედროვე დრამებითა და სემპლებით შეზავებულს.  თუ იქნებოდა საქმიანი შემოთავაზება, სიტყვას გაძლევთ, მთელი სიყვარულით და ენერგიით გავიმეორებდი  (რა თქმა უნდა, საინიციატივო ჯგუფთან ერთად) ამ სასიცოცხლოდ საჭირო პროექტს.
ახერხებდით თუ არა, შემოქმედებით გამოგეხატათ პროტესტი?
– სიმართლე გითხრათ, ბუნებით არა ვარ პროტესტანტი, თუმცა 1981 წელს ჯემალ ბაღაშვილის მწვავე სატირულ ლექსზე შევქმენი სიმღერა „უძრაობის ხანა“ როკ-სტილში. შეასრულა და კლიპიც  გადაიღო მაშინ პოპულარულმა  ანსამბლმა „პირამიდამ“ (სოლისტი ზურა დოიჯაშვილი).
გავიდა  წლები, უკვე 2006 წელია, ვურეკავ ზურას, დოიჯაშვილს:„ძმაო, ზურა, გახსოვს შორეულ 81-ში რომ იმღერე  არსებული რეჟიმისადმი მიძღვნილი საპროტესტო სიმღერა?“ როგორ არ მახსოვსო. – „მერე იმის შემდეგ ქვეყანაში შეიცვალა რამე?“ – არაო. -„ჰოდა, მოდი, თავიდან ჩავწეროთ ეს სიმღერა“.  ზურა ორჭოფობდა,- დაგვიჭერენო.
14080854_1248144521915298_1066612614_nმაინც ჩავწერეთ. მოვსინჯეთ რამდენიმე საღამოზე, სადაც იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტექსტი საკმაოდ მწვავე და კრიტიკული იყო, მაგრამ ისე უსმენდნენ, თითქოს მათ არ ეხებოდათ. გულდაწყვეტილი მოვუყევი ამის შესახებ ბატონ ჯემალს, ის კი მპასუხობს: „არა უშავს, ბორიკო, ჩვენ  ჩვენი სათქმელი ვთქვით! პროტესტი სიმღერით გამოვხატეთ,  ადრე, თუ გვიან, ისინიც დაფიქრდებიან!“ –  ლაო-ძივით ნათქვამი გამოუვიდა. ბრძენი კაცია ჯემალი, ვერაფერს იტყვი.
– როგორ დაწერეთ პირველი სიმღერა?
– ანსამბლ  „ფაზისში“ თავიდან უფრო რთულ კომპოზიციებს ვქმნიდი, თანაც საიმპროვიზაციო ასპარეზს ვუტოვებდი ჩასაბერ ინსტრუმენტებს.
ქუთაისში  ებრაელი, ახლო მეგობარი მყავდა – ბათიკიჩი, ჰოდა, ერთხელ მეუბნება: „კი, ბატონო, მაგარი ხარ, მარა შენები რასაც უკრავენ, ვერც სუფრაზე იმღერებ, ვერც გუნებაში იღიღინებ.“  ჩამაფიქრა. ცოტა ხანში ამოიღო ჯიბიდან მოკეცილი ფურცელი, გაშალა და წამიკითხა ლილი ნუცუბიძის ლექსი – „ბალადა ღვინოზე“. როცა  კითხვა დაამთავრა, მეც ბოლო აკორდი დავსვი გონებაში და ვკითხე ჩემს მეგობარს: „ბათიკიჩ, შენ რომ მოგეწონება, იმფერი სიმღერა დავწერო?“ – ,,კანეშნაო“.  „აბა, მოიწი ჩემკენ“,- ვუთხარი და პიანინოზე ავაჟღერე ცინცხალი სიმღერა. მისამღერთან რომ მივედი, ასწია ხელები და ამყვა: „ხან მაცინებ, ხან მატირებ…“  ასე აცინებს და ატირებს ეს სიმღერა უკვე 45 წელია  მსმენელს.  ალბათ ეს არის ჩემი პირველი სიმღერა-ჰიტი.

14407493_1248144821915268_1767428859_nრომელი სიმღერა დაწერეთ ისე, რომ ახლაც გენატრებათ ის შთაგონება? როგორ მოდის შთაგონება? რა გაძლევთ ამ შთაგონებასფერი, რაიმე შემთხვევა თუ სხვა რამ? ან სიყვარული?
– „ისე ნაზად წვიმდა“, „გააქროლე, მეეტლე!“, „მუხამბაზი“,  ,,პაემანი ვარანცოვზე“ და კიდევ ბევრი სხვა სიმღერა დაწერილია სიყვარულის ტკბილი ტანჯვის დროს.  ისე, სიმართლე  გითხრათ,  კარგ ჰონორარსაც მოაქვს შთაგონება.
როგორ ირჩევთ ლექსს სიმღერისთვის?
– ხან კლასიკოსებში ვეძებ, ხან თანამედროვეებში, ხან მელოდიის გადაკეთება იმდენად მენანება, რომ სპეციალურად ვაწერინებ პოეტებს ახალ ლექსს.

– თქვენ გაქვთ სიმღერა თბილისზეც და ქუთაისზეცროგორ უნდა გაიყოთ ამ ორი ქალაქის სიყვარული?
– მშვენივრად. თბილისი დედაქალაქია, ქუთაისი კი, როგორც ოთარ მამფორიამ თქვა: „საქართველოს ქალაქების თმაჭაღარა თამადა!“
– როგორია თქვენეული თბილისი და თქვენეული ქუთაისი?
14429523_1248145255248558_1117090771_n
– ჩემთვის  თბილისი – მართლაც, თბილი და ერთგული მეგობარია. მომწონს მისი სიდინჯე, ტოლერანტობა. ქუთაისი ჩემთვის – კაცობის და სიყვარულის მასწავლებელია. ხშირად დავჯდებოდი საჭესთან  და უმიზეზოდ გავემგზავრებოდი ქუთაისში, მოვინახულებდი ზასტავას, საფიჩხიას,  „დავკრუგავდი“ ცენტრში თეატრთან, მოვეფერებოდი ჩემს ქუთაისს და უკან, თბილისში ახალი, მინიმუმ ერთი ჰიტით ვბრუნდებოდი. ასე რომ, მოგზაურობა (კიდევ უკეთესი უფრო შორ მანძილებზე) ყველას სჭირდება,- სიახლე, შთაბეჭდილებები, ახალი კონტაქტები, ახალი იდეები და ა.შ.
ფაქტია, რომ საქართველო მსოფლიომ აკადემიური მუსიკით გაიცნო. უამრავი ქართველი მუსიკოსი თუ საოპერო მომღერალი წარმატებით მოღვაწეობს საზღვარგარეთმაგრამ რატომღაც სამშობლოში ასპარეზს და ადგილს ძნელად პოულობენრატომ, როგორ ფიქრობთ?
–  რთული კითხვაა. ერთნაირად რთულია კარიერის აწყობა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. რაც შეეხება საქართველოს, დღენიადაგ უნდა იყოს ბრძოლა სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად. არარევოლუციური მეთოდებით,  ფასეულ ტრადიციებზე  დაყრდნობით თუ მოვიპოვებთ ჭეშმარიტ ავტორიტეტს. ამას არც ისე დიდი დრო სჭირდება,  ვინაიდან დღევანდელი სამყარო საკმაოდ გახსნილია, კარგიც მალე  ჩანს და ცუდიც. რაც შეეხება ადგილის პოვნას, ხომ იცით, მზის ქვეშ ყველასთვის არის ადგილი, ამიტომ თავისი თავი უნდა იპოვოს ყველამ.
– „უგემოვნო მუსიკის კეთება მსოფლიო ტენდენციაა“... – მერაბ სეფაშვილმა თქვა ერთ ინტერვიუშიეთანხმებით?14445493_1248147195248364_845514337_n
– ვერ ვიქნები ასე კატეგორიული. მუსიკა კეთდებოდა  ყოველთვის, – და დღესაც ისეთი,  როგორიც შეკვეთაა. გამოსავალი არის! – უნდა მომრავლდეს გემოვნებიანი შემკვეთი!
სამწუხაროდ, დღეს მდარე საესტრადო სიმღერებს დაემატა ფოკლორული სიმღერებიც, ანუ მთის ჰანგებს რომ ვეძახით, გააუბრალოვესრატომ, როგორ ფიქრობთ?
– ამას ეძახიან „ორიენტალურ როკს“, სერიოზულად რომ მივუდგეთ – არც ორიენტალურია (ეთნიკური), არც, მით უმეტეს – როკი. მაგრამ, როგორც უკვე  მოგახსენეთ, უცხო სიმღერების გადამღერებას სჯობს. ასე თუ ისე, მაინც ჩვენია და უცხოელებს მოსწონთ! ესეც ხეირია!
– როგორ დაიწერა თქვენი ცნობილი სიმღერა აფრები“?
– ახალი ჩამოსული ვიყავი აფრიკიდან, დამიკავშირდა ლეილა (თოდაძე) და შემიკვეთა სიმღერა, მქონდა თინა ნაცვლიშვილის თავისუფალი ტექსტი, და… გაგზავნიდან მესამე დღეს მირეკავს აღფრთოვანებული ლეილა და  მლოცავს: – შენ გაიხარე,  „აფრები“ მარტო დღეს ოცჯერ შემიკვეთესო…
ამის შემდეგ კიდევ ათი წელი მირეკავდნენ ამერიკიდან, ევროპის თუ აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან: „აფრებისნაირი“ სიმღერის შეკვეთა გვინდაო.
– თქვენ ხართ კომპოზიტორი ანიმაციური ფილმებისა: „წყლის პირველი შროშანი“,ბოკვერი ბუდრუ“, „მძლეთამძლე“, „ერთხელ, ტყეში“… რატომ მაინცდამაინც ანიმაციური ფილმები?
14409322_1248145081915242_412325486_n
– ისე მიყვარს მულტფილმები, რეჟისორებისთვის მითქვამს: „არ მინდა ჰონორარი, ისე დაგიწერთ მუსიკას, ოღონდ დამიძახეთ“.  ამაზე ყოველ დღე  ვიმუშავებდი, არასდროს მომწყინდება.
– ჯილდოები
– ჯილდოები არა მაქვს.  თუმცა, ახალგაზრდობაში ჩემი ჯგუფი „ფაზისი“ საუკეთესოდ აღიარეს მთელ სსრ კავშირში. მე-2-3 ადგილზე  „სამოცვეტი“ და „პესნიარი“დასახელდნენ… თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთ ფესტივალზე ვარ დაჯილდოებული,  როგორც საუკეთესო ბას-გიტარისტი. არჩეული ვარ ქუთაისის საპატიო მოქალაქედ,  რაც ნამდვილად  საამაყოა  ჩემთვის. სულ ესაა.
როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე
– კროსვორდები, სუდოკუ…  შვილიშვილების მეცადინეობა, მეგობრებში  აზრიანი ქეიფი, რა თქმა უნდა, როცა დრო მაქვს. თუ არ მცალია, ანუ შეკვეთა მაქვს, – მაშინ  ვერავის ვხედავ, არავისი  მესმის,  თითქმის არ ვჭამ, არ მძინავს, მარტო ყავა,  ვმუშაობ და… ბედნიერი ვარ!  ასეა ყოველდღე.
– სამომავლო გეგმებისიახლეები
–  ამჟამად სულმოუთქმელად ველოდები სცენარის დასრულებას, რომელსაც ბ-ნი აკა მორჩილაძე წერს, ჩემი მუსიკალური სპექტაკლისთვის. მუსიკა (რა მომათმენინებდა)  უკვე მზად მაქვს. დაიდგმება ჩემს უსაყვარლეს ქუთაისის უმშვენიერეს მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. ეს უახლესი გეგმაა, შემდეგს მერე მოგახსენებთ.
თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით, მეუღლეზე, შვილებზე
14442584_1248146081915142_277937541_n
– ჩემი მეუღლე, ნანა ნიკოლაძე – ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, თდასუ-ს პროფესორია, ის სტუდენტების საყვარელი პედაგოგია. მისი მოწაფე მეც ვარ.
შვილები ბორიკო და თამუნა სხვადასხვა მეუღლისაგან მყავს. ორივე ძალიან ნიჭიერია, ბორიკო მუსიკოსია და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მიხარია, როცა   მუსიკის ცნობილი მოღვაწეებისაგან მესმის მისი ქება. ბორიკოს ვაჟკაცი – ნიკუშა, ძალიან საყვარელი ყმაწვილია, მუსიკა მასაც ძალიან უყვარს.
თამუნა ჯერ ფიქრობს,  სად მოახდინოს შესაძლებლობების რეალიზება, ის კარგი დედაა და მისი ნინის და ნანუკას ფანი ვარ.
კიდევ მყავს ერთი შვილი – ლეილა, რომელიც კარგი მომღერალია. ჩვენ  სულიერი სიახლოვე გვაკავშირებს, კარგად გვესმის ერთმანეთის და რაც მთავარია – ჭკვიანი და სასიამოვნო მოსაუბრეა, რაც იშვიათობაა შოუბიზნესის სამყაროში. სამი შვილის დედაა და მიუხედავად ამისა, მაღალ პოზიციებს არ თმობს თავის სფეროში. მე ყოველთვის ვიქნები მის გვერდით, როცა დავჭირდები.

თამარ შაიშმელაშვილი

     

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები