1 ნოემბრიდან მიმოქცევაში 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები იქნება

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმოქცევაში 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვა.
როგორც ”კვირას” ეროვნული ბანკიდან აცნობეს, 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა. ამავდროულად, ბანკნოტზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით.
100-ლარიანის ახალი კუპიურა მიმოქცევაში ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად იქნება.
“განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.
100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის, დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი, სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.
ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი”, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ინფორმაციისთვის, 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტებთან ერთად განახლდა. შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან. რაც შეეხება 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს, ისინი მოგვიანებით განახლდება.
”აღსანიშნავია, რომ განახლებულმა ლარმა პირველი საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა. 2016 წლის 15 მარტს, ბუქარესტში ™HSP Europe – ის კონფერენციაზე ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიალზე ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების მასშტაბით საუკეთესო რეგიონული ბანკნოტის ნომინაციაში “2016 წლის საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტების სერია” ლარის განახლებული ბანკნოტების სერიამ (20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები) გაიმარჯვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
განახლებული 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება მითითებულ ვებგვერდზეა შესაძლებელი . www.ganakhlebulilari.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები