თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ხვალ დაიწყება

24 სექტემბერიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უკვე მერვედ გაიმართება.
წელს მსოფლიოს სხვადასხვა 80-მდე სტუმარი ჩამოდის. მათ შორის, პოლონეთიდან, ნორვეგიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ინდოეთიდან, იაპონიიდან…
საერთაშორისო პროგრამა 24 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაიმართება; პროგრამა New 3 ოქტომბერს არის დაგეგმილი; ქართული სპექტაკლების პროგრამა კი – 4-8 ოქტომბერს.
ფესტივალი წარმოდგენებს სხვადასხვა თეატრში გამართავს, წელს სპექტაკლები ღია ცის ქვეშ პირველად დაიდგმება.
ფესტივალის ორგანიზატორები საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია არიან. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენების, ვორკშოფებისა და სემინარების მოწყობა.
ფესტივალის პროგრამაში გამორჩეულია  მანჩესტერის როიალ იქსჩეინჯის ახლებური ,,ჰამლეტი“ ქალი მსახიობით მთავარ როლში და ლონდონის ნაციონალური ბალეტის ბოლოდროინდელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპექტაკლი – ,,ჰამლეტი“ ბენედიქტ ქამბერბეჩის მონაწილეობით; ვორკშოფი “წყლად გადაიქეცი”, რომელსაც  ქორეოგრაფი კარი ჰოასი გაუძღვება;
მნიშვნელოვანი და საინტერესო პოლონური პროექტის შესახებ „ბრეივ ფესტივალის” სემინარზე შეიტყობთ, სადაც ისაუბრებენ თეატრ „თხის სიმღერის“ ასოციაციის მიზნებსა და მის ყველაზე მთავარ პროექტებზე: თეატრი „თხის სიმღერა“, “ბრეივ ფესტივალი” და პროექტი „გამბედავი ბავშვები”.
წარმოდგენის შემდგომ გამართულ ამ ღონისძიებაზე თეატრის კრიტიკოსი მარკ ბრაუნი დისკუსიას გამართავს თეატრ „თხის სიმღერის“ თანადამფუძნებელთან და სამხატვრო ხელმძღვანელთან, გჟეგოჟ ბრალთან.
ვორკშოფს დისკუსიას გასტროლებსა და საერთაშორისო პროექტებზე საერთაშორისო პროდიუსერი დიდი ბრიტანეთიდან, ლონდონიდან მალუ ანსალდო ჩაატარებს. ის მუშაობს თეატრებთან და კომპანიებთან მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იყო   გლობუსის თეატრის ტური მსოფლიოს გარშემო სპექტაკლით „ჰამლეტი” 2014-2016 წლებში…
ფესტივალის პროგრამა, აგრეთვე,  სხვა უამრავ საინტერესო წარმოდგენას და შეხვედრას ითვალისწინებს.
ცნობისათვის: ფესტივალი 2009 წელს დაფუძნდა – თბილისის, მისი კულტურის, მისი განსაკუთრებული შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაციის მიზნით; 2009 წელს ფესტივალს ორი მთავარი მიმართულება ჰქონდა: საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამა. 2011 წელს ფესტივალს დაემატა პროგრამა “NEW”.
2009 წლიდან დღემდე ფესტივალი თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოში და საზღვარგარეთ.
2011 წელს ფესტივალი საერთაშორისო ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა ხმის უფლებით; წევრი იმ ოჯახისა, რომელიც 60 წელზე მეტი ხნის წარმატებულ ისტორიას ითვლის; ამ პრესტიჟული ოჯახის წევრები არიან: ედინბურგისა და ავინიონის ფესტივალები, ვენეციის ბიენალე, ისრაელის ფესტივალი, „ბერლინერფესტშპილე“ და ასე შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები