კომპანია Yahoo-ზე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა
კომპანია Yahoo-ში განაცხადეს, რომ ჰაკერებმა 2 წლის წინ 500 მილიონი მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია გაიტაცეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევაა.
მოპარული ინფორმაცია მომხმარებლების სახელებს და ელექტრონულ მიმოწერას, დაბადების თარიღებს, ტელეფონების ნომრებს და პაროლებს, ასევე საიდუმლო კითხვებს და მათზე პასუხებს შეიცავდა, რომლებიც დამატებითი ვერიფიკაციის დროს გამოიყენება.
ამასთანავე კომპანიაში აცხადებენ, რომ საკრედიტო ბარათების შესახებ ინფორმაცია ჰაკერებმა ვერ მოიპოვეს.
Yahoo-ს ექსპერტების აზრით, კიბერშეტევაში „ერთ-ერთი სახელმწიფო“ მონაწილეობდა.
მიმდინარე წლის ივლისში Yahoo 4მ,8 მილიარდ დოლარად ამერიკულმა ტელესაკომუნიკაციო კომპანია Verizon-მა შეიძინა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში დაადასტურეს, რომ ამ ფაქტს იძიებენ.Yahoo-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა და მოუწოდა მომხმარებლებს, რომ სასწრაფოდ პაროლები შეცვალონ.