სტოლტენბერგმა უსუფაშვილს პარლამენტში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს 8 სექტემბერს, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა.
“პატივცემულო თავმჯდომარე, ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ასევე, ჩემი სახელით, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი საქართველოში ვიზიტის დროს თქვენთან და პარლამენტის წევრების ფართო სპექტრთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის.
ჩვენი დიალოგი კონსტრუქციული და პრაგმატული იყო. მოკავშირეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ პროგრესმა, რომელსაც საქართველომ რეფორმების განხორციელების პროცესში მიაღწია და საერთო ეროვნულმა კონსესუსმა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით.
მე ასევე დავინახე საქართველოს დიდი ინტერესი, მონაწილეობა მიიღოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის განხილვაში, მისი შეშფოთება რუსული პროპაგანდის ძალისხმევასთან დაკავშირებით და ნათელი მოლოდინი, რომ მომავალმა არჩევნებმა უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტები დააკმაყოფილოს.
ზოგადად კი, ვიზიტმა საბჭოს მისცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია პირველწყაროდან მიეღო.
მოკავშირეები გააგრძელებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, პარლამენტის საქმიანობაზე დაკვირვებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე დიალოგის გაგრძელებას”, – ნათქვამია წერილში.
14449795_1465886410094011_7521544719587651569_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები