თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომელთათვის ტრენინგი ჩატარდება

19-დან 24 სექტემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომელთათვის ტრენინგი ჩატარდება. ამის შესახებ „კვირას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრენინგის ძირითადი თემაა “შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების” გაცნობა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 28 იანვარს მიიღო. პროექტის ტექნიკური რეგლამენტი “შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების ” შესახებ 2017 წლის 1 იანვარს ამოქმედდება, რის საფუძველზეც გარკვეულ ნაწილში საბჭოთა ნორმებს და წესებს ჩაანაცვლებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს შენობების დაგეგმარების, სახანძრო უსაფრთხოების, გასასვლელი საშუალებების და სხვა მოთხოვნებს, შენობების დაპროექტების, მშენებლობისა და გამოყენების პროცესში.
ტექნიკური რეგლამენტის უკეთ დანერგვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის- “მმართველობა განვითარებისათვის” მხარდაჭერით, ხორციელდება “შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დანერგვის პროექტი”, რომელსაც ა.ი.პ. „შენობა-ნაგებობების ინსტიტუტი – საქართველო” ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, დატრენინგდებიან მშენებლობის ნებართვის გამცემი და მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი სამსახურების თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით. ახალი წესების მიხედვით, მუშავდება ასევე სანიმუშო სამშენებლო დოკუმენტის პროექტები სხვადასხვა ფუნქციის შენობისთვის, რომლებიც გადაეცემათ მუნიციპალიტეტებს.
13-დან 16 სექტემბრის ჩათვლით ყვარელსა და ქუთაისში ჩატარდა ტრენერთა ტრენინგის პირველი ფაზა, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში არსებული მუნიციპალიტეტების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის. ტრენერთა ტრენინგი მიზნად ისახავს მომზადდეს ტრენერთა ჯგუფი, რომელიც მომავალში შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების კუთხით საჯარო მოხელეთა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა დატრენინგებას შეძლებს.
ტექნიკური რეგლამენტის დანერგვის კუთხით, კრიტიკულია თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების აქტიური ჩართულობა პროექტის ძირითად აქტივობებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები