“თუ კვირიკაშვილის ხელისუფლებაზე უარს ვიტყვით და ხელისუფლებაში მოვიყვანთ “შარლატანს”, პროცესები შეფერხდება”

“სხვა არ გააკეთებს თქვენზე უკეთეს არჩევანს, თქვენ უნდა მიხვიდეთ და გააკეთოთ სწორი არჩევანი”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

“თუ დღესვე და ხვალვე მოგვინდება, რომ ყველას გვქონდეს დიდი სასახლეები, აგარაკები და სასწრაფოდ გავმდიდრდეთ, თუ კვირიკაშვილის ხელისუფლებაზე უარს ვიტყვით და ხელისუფლებაში მოვიყვანთ ვიღაც “შარლატანს”, პროცესები შეფერხდება. ნუ დავკარგავთ ხმებს, ნუ დავკარგავთ ენერგიას, გავაკეთოთ კონცენტრირება. გამოცდილი ხალხი ვართ, სწორი არჩევანი გავაკეთოთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ექსპრემიერმა მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ვინც ამ დღეს უარს ამბობს არჩევნებში მისვლაზე, არანაირი მორალური უფლება არ აქვს ან აკრიტიკოს, ან მოსთხოვოს ხელისუფლებას.
“ილიას მკვლელობის დღე იყო,  ვერ წავედი, იქ სიტყვა მქონდა მომზადებული.  “აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია”.  ჩვენ  შეგვიძლია აწმყოთი ვიამაყოთ. 60 წლისა ვარ მე და მინდა 2030 წლისთვის სიამაყით ვთქვა, რომ ჩვენ ვართ განვითარებული ქვეყნების რიგში, კულტურული ხალხების რიგში და ვერავინ ვერ იტყვის აუგს ჩვენს ისტორიაზე, ჩვენს ისტორიულ დიდ კულტურას მიეცემა სხვა ფასი. ნუ ხართ სხვის იმედზე, ნუ გგონიათ, რომ ვიღაცა გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს, კეთილი ინებეთ და ელემენტარული პასუხისმგებლობა გამოავლინეთ. ვინც ამ დღეს უარს ამბობს არჩევნებზე მისვლაზე, არანაირი მორალური უფლება არ აქვს ან აკრიტიკოს, ან მოსთხოვოს ხელისუფლებას. კეთილი ინებეთ, ეს ელემენტარული გაითავისეთ, გაიგეთ, რომ ეს თქვენი ვალდებულებაა. სხვა არ გააკეთებს თქვენზე უკეთეს არჩევანს, თქვენ უნდა მიხვიდეთ და გააკეთოთ სწორი არჩევანი“, – აღნიშნა ექსპრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები