ბიძინა ივანიშვილი ყველა პარტიის ეკონომიკის წარმომადგენელს ეკონომიკურ ფორუმზე ეპატიჟება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყველა პარტიას მიმართავს, რომ 24 სექტემბერს  რიგით მეშვიდე ეკონომიკურ ფორუმზე საკუთარი წარმომადგენელი გამოაგზავნოს, რომელსაც ეკონომიკური მიმართულებით შესაბამისი ცოდნა გააჩნია.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, ეკონოურ ფორუმზე ყველა პარტიის წარმომადგენელმა დაასაბუთოს თუ რისი გაკეთება შეეძლო ხელისუფლებას ეკონომიკური თვალსაზრისით და რისი გაკეთება ვერ შეძლო.
ამავე შეხვედრაზე, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საქართველოში, კონკრეტულად კი რეგიონებში არსებულ უმუშევრობის პრობლემაზეც ისაუბრა.
“სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რეგიონებში იყოს შესატყვისი პირობები, დაწყებული საბავშვო ბაღიდან, ასევე საჯარო სკოლებში, რათა შესაბამისი განათლება მიიღონ და სკოლები იყოს არანაკლები, ვიდრე ქალაქებში არის, შემდგომ ახალგაზრდებმა სწავლის გაგრძელება შეძლონ და ყველა ის პირობები. რეგიონებში მცხოვრები დიდად არ უნდა გამოირჩეოდეს დედაქალაქში მცხოვრებისგან. ვთქვათ კინო, თეატრი და სხვა ატრიბუტები, რაც განვითარებულ ადამიანს სჭირდება. ეს ყველაფერი ნელ-ნელა უნდა განვითარდეს და რეგიონშიც უნდა დაფუძნდეს. ძირითადი კი არის სამსახური და შესატყვისი შემოსავალი, რაც არის ჩვენი ქვეყნის ძირითადი პრობლემა. მინდა გავიხსენო, რომ უდიდესი წინსვლა განიცადა ჩვენმა სახელმწიფომ ამ ოთხი წლის განმავლობაში დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით, ადამიანის უფლებების მხრივ. მაგრამ  ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, რომ მას ჰქონდეს შესატყვისი სამსახური და შემოსავალი, რათა ღირსეულად არჩინოს საკუთარი ოჯახი. აი, ეს ერთ-ერთი უფლება  ძალიან ცუდად სრულდება საქართველოში. თუმცა, ამაში ნუ დავადანაშაულებთ დღევანდელ ხელისუფლებას, ეს არის პრობლემა, რომელიც არა ოთხ წელიწადში,  არამედ ვერც რვა წელიწადში არის მოსახერხებელი, რაც ასი წლის განმავლობაში მოახერხეს ევროპელებმა, მე ვერაფრით ვერ მოვახერხებ მსგავს ეკონომიკას, მე ვერ მოვახერხებ ოთხ წელიწადში, არადა, 4-ჯერ და 5-ჯერ ჩამოვრჩებით ერთ სულ მოსახლეზე განვითარებულ ქვეყნებს. აი ეს პრობლემაა, ამას უნდა გაგებით მოკიდება. ამაში არ უნდა დავადანაშაულოთ ხელისუფლება. ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ რის გაკეთება შეეძლო და ვერ გააკეთა, ეს უნდა მოვთხოვოთ მაქსიმალურად. მაგრამ ოთხი წლის განმავლობაში რატომ არ გაოთხმაგდა ბიუჯეტი, თუ ანალიზს ჩავატარებთ ეკონომიკის მიმართულებით, გავყვები ნებისმიერ სპეციალისტს და 24 სექტემბერს, ზეგ, მეშვიდედ ვმართავ ეკონომიკურ ფორუმს, ეს იყო ჩემი თაოსნობით დაფუძნებული, რომ გაგვეცა კითხვაზე პასუხი რამდენად სწორად ფუნქციონირებს ახალი ხელისუფლება ეკონიმიკური თვალსაზრისით. დაწყებული ჩემიდან დღემდე დასრულებული, რის გაკეთება შეიძლებოდა და არ კეთდება. ყველა პარტიას ვთხოვ, გამოაგზავნონ წარმომადგენელი ამ ფორუმზე. ვისაც ეკონომიკური ცოდნა გააჩნია და არა დემაგოგები. იქ დემაგოგიური განცხადებების გაკეთების ადგილი არ არის და არგუმენტებით მოვიდნენ. გვაჩვენონ,  რა შეიძლებოდა, რისი გაკეთება შეიძლებოდა და ვერ გაკეთდა. ამასთანავე, დაასაბუთონ, რატომ ვერ გაკეთდა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან.
ამავე შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ იგი არასაკმარისი დროის გამო, ვერც ცენტრალურ და ვერც რეგიონულ ტელევიზიებს ვერ უყურებს, თუმცა, პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს მედიის მონიტორიგის საშუალებით ეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები