“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ბიზნესის წამოწყების ამდენი შესაძლებლობა ჯერ არ ყოფილა”
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ამდენი შესაძლებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ახალი ბიზნესის წამოწყებისა თუ არსებულის განვითარებისთვის.
პრემიერ-მინისტრმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს საქართველოში, მეწარმეობის სულისკვეთების მქონე მოქალაქეებს წარმატების მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ოდესმე.
“ჩვენ წამოვიწყეთ რამდენიმე პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით საქართველოში წარმოებითა და ფერმერობით დაინტერესებული პირებისთვის, ინფრასტრუქტურასა და ფინანსებზე წვდომას. მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა და მტკიცე ინკლუზიური საზოგადოების შექმნა მოითხოვს ქვეყნის ჯერ კიდევ არასრულად რეალიზებული რესურსის – მისი ხალხის აქტივაციას”,-განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის განათლება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. “ჩვენ შევცვალეთ ჩვენი განათლების სისტემა ისე, რომ მან სარგებელი მოუტანოს ყველა მოქალაქეს და, ზოგადად, საზოგადოებასა და ეკონომიკას. ჩვენი მიზანია, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველა პროფესიული თუ უმაღლესი განათლების ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა თავისი ადგილი იპოვოს კონკურენტულ შრომის ბაზარზე”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.